Facebook Twitter

¹ ა-2010-შ-50-2010 20 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. მ-შვილი

წარმომადგენელი _ დ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ერი, ი. ბ-ერი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ვენაში მცხოვრებ ა. ბ-ერისა და ი. ბ-ერის განცხადება საქართველოს მოქალაქის _ ე. მ-შვილის აყვანის თაობაზე.

ე. მ-შვილის წარმომადგენელმა დ. ჭ-ძემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, ე. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ადვოკატის მოწმობის ასლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარის წარმომადგენელ დ. ჭ-ძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 29 ოქტომბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში დ. ჭ-ძეს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. მ-შვილის წარმომადგენელმა დ. ჭ-ძემ და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, ე. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ადვოკატის მოწმობის ასლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარის წარმომადგენელ დ. ჭ-ძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 29 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დ. ჭ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 29 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ნოემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ-შვილის წარმომადგენელ დ. ჭ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.