ა-2019-შ-52-10 15 ნოემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ.ქათამაძე, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ს. ო. ს-ოვი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილება
დავის საგანი – სახელის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ა-ინმა განცხადებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონულ სასამართლოს დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, მან მიუთითა, რომ 1982 წელს დაიბადა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან მისი სახელი არის ნ., მას ყოველთვის ეძახდნენ ს.-ს. იმის გამო, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია ნ., მას ექმნება პრობლემები. აღნიშნულის გამო, მან მოითხოვა დაბადების სააქტო ჩანაწერში სახელის შეცვლა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით ს-ოვა ნ. ა-ინის კ.-ს განცხადება დაკმაყოფილდა, 1982 წლის 2 მაისს დაბადებულ ნ. ა-ინი კ.-ს დაბადების სააქტო ჩანაწერ ¹820-ში შეტანილ იქნა ცვლილება და განმცხადებლის სახელად მიეთითა ს.. აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იქნა ახალი დაბადების მოწმობის გაცემა ს-ოვა ს. ა-ინის კ.-ს სახელზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ს. ო. ს-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ს. ო. ს-ოვის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს ლ. ს. ო. ს-ოვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, ხოლო 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საფუძველი.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელისა და გვარის შეცვლის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქისათვის. როგორც საქმის მასალებით დასტურდება განმცხადებელი ნ. ა-ინ კ. არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რის გამოც იგი მიუხედავად საქართველოში დაბადებისა, მხოლოდ განცხადების საფუძველზე ვერ განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანას.
მოცემულ შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით ს-ოვა ნ. ა-ინის კ.-ს განცხადება დაკმაყოფილდა, 1982 წლის 2 მაისს დაბადებულ ნ. ა-ინის კ.-ს დაბადების სააქტო ჩანაწერ ¹820 შეტანილ იქნა ცვლილება და განმცხადებლის სახელად მიეთითა ს. . აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იქნა ახალი დაბადების მოწმობის გაცემა ს-ოვა ს. ა-ინი კ.-ს სახელზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ს. ო. ს-ოვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილება 1982 წლის 2 მაისს დაბადებულ, დაბადების სააქტო ჩანაწერ ¹820, ნ. ა-ინი კ.-ს სახელის შეცვლასთან დაკავშირებით და მიენიჭოს უფლება ჰქონდეს სახელი – ს..
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.