ა-2033-შ-54-2010 1 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ზ. შ-ილ
წარმომადგენელი _ ლ. რ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზი. შ-ილ
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის ქ.კირხჰაინის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ზი. შ-ილის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
გერმანიის ქ.კირხჰაინის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით 2003 წლის 25 აგვისტოს სკერბეკში/დანია მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა და მხარეები განქორწინდნენ, სარჩოსთან დაკავშირებით საქმე გამოეყო ცალკე წარმოებად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ. შ-ილის წარმომადგენელმა ლ. რ-ძემ და მოითხოვა დასახელებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ლ.რ-ძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარლების სრულყოფილად განმსაზღვრელი, კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით აღნიშნული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კი, ლ.რ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე მას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 20 დღით.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება პირადად ჩაბარდა ლ.რ-ძეს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ზ. შ-ილის წარმომადგენელს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ზ. შ-ილის წარმომადგენელ ლ. რ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კირხჰაინის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ. შ-ილის წარმომადგენელმა ლ. რ-ძემ და მოითხოვა დასახელებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ლ.რ-ძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარლების სრულყოფილად განმსაზღვრელი, კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით აღნიშნული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კი, ლ.რ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე მას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 20 დღით.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება პირადად ჩაბარდა ლ.რ-ძეს (იხ. ს.ფ.25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ლ.რ-ძეს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 25 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 26 ოქტომბერს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 14 ნოემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდნევნო პირველ სამუშაო დღეს, 15 ნოემბერს _ ორშაბათს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. შ-ილის წარმომადგენელ ლ. რ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კირხჰაინის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. შ-ილის წარმომადგენელ ლ. რ-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კირხჰაინის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.