Facebook Twitter

¹ა-2043-შ-58-2010 20 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ც-ერი (გ-ძე)

წარმომადგენელი _ ე. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ნ-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილზე მზრუნველობის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით 1995 წლის 9 მარტს დაბადებულ არასრულწლოვანი დ. ნ-ძის მიმართ მზრუნველობა დაეკისრა ბავშვის დედას _ მ. ც-ერს (გ-ძეს).

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ც-ერის წარმომადგენელმა ე. დ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, გადაეცა ორივე მხარეს და მოპასუხეს _ ს. ნ-ძეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში იგი არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში, ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეები საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ერის (გ-ძის) წარმომადგენელ ე. დ-ძის შუამდგომლობა ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ც-ერის (გ-ძის) წარმომადგენელ ე. დ-ძის შუამდგომლობა ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით 1995 წლის 9 მარტს დაბადებულ არასრულწლოვან დ. ნ-ძის მიმართ მზრუნველობა დაეკისრა ბავშვის დედას _ მ. ც-ერს (გ-ძეს).

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, გადაეცა ორივე მხარეს და მოპასუხეს _ ს. ნ-ძეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში იგი არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში, ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეები საქმის განხილვის თაობაზე სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ც-ერის (გ-ძის) წარმომადგენელ ე. დ-ძის შუამდგომლობა ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ვიტენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 1995 წლის 9 მარტს დაბადებულ არასრულწლოვან დ. ნ-ძის მიმართ მზრუნველობა დაეკისრა ბავშვის დედას _ მ. ც-ერს (გ-ძეს).

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.