Facebook Twitter

ა-2046-შ-57-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ დ. მ-ოვი

წარმომადგენელი – ი. ა-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჭ-ია

წარმომადგენელი – ვ. გ-შვილი, კ. გ-იანი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ თელ-ავივის იაფოს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (პროტოკოლის) საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ქონების განკარგვის შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელ-ავივის იაფოს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე დ. მ-ოვის მოთხოვნა გ. ჭ-იას მიმართ მოსარჩელისათვის უცნობი გ.ჭ-იას კუთვნილი ქონების აღწერისა და გამოვლენის შესახებ ასევე გაიცა “მარევას ბრძანება/Mარევა ინჯუნცტიონ” მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან გ.ჭ-იას სახელზე არსებული ქონების, მათ შორის მის სახელზე საზღვარგარეთ რიცხული ქონების განკარგვის შეფერხება, გარდა აღნიშნულისა, შეფერხდა საბანკო ოპერაციები მონაკოს Bანკ Dუ Gოტტარდ-ის ანგარიშიდან, დუბაის ჩიტიბანკ-ის ანგარიშიდან და Iნტერნატიონალ Bანკ ოფ Aზერბაიჯან-ის ანგარიშიდან, მოპასუხეს ასევე შეეზღუდა მის სახელზე არსებული აქციების გადაცემა ან ყოველგვარი სავაჭრო ოპერაციის ჩატარება აზერბაიჯანულ კომპანიასთან _ “ა. ლ.-სთან” რომელიც მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის მფლობელობაშია.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით გ.ჭ-იას შეეზღუდა მის სახელზე რიცხული საზღვარგარეთ არსებული ქონებით სარგებლობა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. მ-ოვის წარმომადგენელმა ი. ა-შვილმა და მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილებების ქონების გასხვისების აკრძალვის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ოვის წარმომადგენელ ი. ა-შვილის შუამდგომლობა თელ-ავივის იაფოს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (პროტოკოლის) მოპასუხისათვის ქონების განკარგვის შეზღუდვის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ. მ-ოვის შუამდგომლობა თელ-ავივის იაფოს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (პროტოკოლის) მოპასუხისათვის ქონების განკარგვის შეზღუდვის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუ უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ორ სიტუაციას მოიცავს: ა) საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არ არსებობს ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება, რომლის ძალითაც მხარეებს ერთმანეთის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის ვალდებულება ეკისრებათ, ბ) უცხო ქვეყანა, გაკრვეული მოსაზრებებიდან და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ცნობს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა საერთაშორისო შეთანხმება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აქტები, რომელთა ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მიღებულია ისრაელის სასამართლოს მიერ. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის რაიმე ორმხრივი შეთანხმება სამართლებრივი დახმარების გაწევის ან სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ არ არსებობს. მხარეები არც რომელიმე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრები არიან, რომელიც ამგვარ საკითხებს აწესრიგებს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აქვს ნაკისრი, აღნიშნული კი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ოვის შუამდგომლობა არ შეესაბამება ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ოვის წარმომადგენელ ი. ა-შვილის შუამდგომლობა თელ-ავივის იაფოს საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის სასწრაფო ბრძანებულებისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (პროტოკოლის) მოპასუხისათვის ქონების განკარგვის შეზღუდვის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.