Facebook Twitter

ა-2160-შ-64-2010 1 ნოემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ.-ს ძე ს-ავა

განხილვის საგანი _ რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების (მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ე. ვ.-ს ასულ ს-ავას და ლ. გ.-ს ძე ს-ავას შორის, რეგისტრირებული 2000 წლის 7 აპრილს ულიანოვის ოლქის ქ. დიმიტროვგრადის ქორწინების სასახლეში; აღნიშნული ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ქალიშვილის _ 1998 წლის 16 ივლისს დაბადებული ე. ლ.-ს ასული ს-ავას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის _ ე. ვ.-ს ასული ს-ავას საცხოვრებელი ადგილი; ლ. გ.-ს ძე ს-ავას, დაბადებულს 1975 წლის 22 ივნისს ქ. თბილისში, ე. ვ.-ს ასული ს-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი 1998 წლის 16 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი ქალიშვილის ე. ლ.-ს ასული ს-ავას სარჩენად ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე შემოსავლის ან/და სარგებლის¼1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად 2009 წლის 1 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ლ. გ.-ს ძე ს-ავას დაეკისრა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 200 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ, რომელმაც ლ. ს-ავასათვის 200 რუბლის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება შუამდგომლობის თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი ლ. გ.-ს ძე ს-ავას ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ს ძე ს-ავას დაეკისრა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 200 რუბლის გადახდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა”, “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ლ. გ.-ს ძე ს-ავასათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 200 რუბლის გადახდას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის მელეკესის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. გ.-ს ძე ს-ავას რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 200 რუბლის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.