ა-2238-შ-67-2010 20 ოქტომბერი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. ბ-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ანი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ბ-ანის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს განყოფილების გამგის თანდასწრებით მეუღლეებს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹2604) გაუქმდა. სასამართლოს გზით ქონების გაყოფის პროცესში მომჩივანის უფლების ხარჯზე ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის დაზღვევის ¹18 071152 D 014, მოპასუხის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის არსებულ ანგარიშზე 2009 წლის 31 ოქტომბრამდე გადაირიცხა თანხა 0.2755 საანგარიშსწორებო კოეფიციენტის ოდენობით. სასამართლოს გზით ქონების შიდა გაყოფის პროცესში, მოპასუხის უფლების ხარჯზე ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის, სადაზღვევო ანგარიშის ნომრიდან 14 031063 B 531, მოპასუხის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ბაიერნის გერმანიის საპენსიო დაზღვევის არსებულ ანგარიშზე ¹18 071152 D 014 2009 წლის 31 ოქტომბრამდე გადაირიცხა თანხა 3.0000 საანგარიშსწორებო კოეფიციენტის ოდენობით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ბ-ანის წარმომადგენ-ა კ. დ-ძემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი.ბ-ანის წარმომადგენელ კ.დ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ანი სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ.
2010 წლის 19 ოქტომბერს ი. ბ-ანმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ აპირებს შუამდგომლობის გამოხმობას და შემდგომში სრულყოფილი სახით სასამართლოსათვის წარდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ანის განცხადება ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვის მისი გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ი. ბ-ანის განცხადებით დასტურდება, რომ იგი მოითხოვს შუამდგომლობის გამოხმობას, ამასთან უარს არ ამბობს ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე, რადგანაც აპირებს შემდგომში სრულყოფილი სახით წარმოადგინოს აღნიშნული შუამდგომლობა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ბ-ანის განცხადება ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ბ-ანის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ი.ბ-ანის წარმომადგენელ კ.დ-ძის შუამდგომლობა ნიურნბერგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
ი. ბ-ანს დაუბრუნდეს კ.დ-ძის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.