ა-2239-შ-68-2010 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. კ-შვილი
წარმომადგენელი _ დ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-შვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ქ.თელ-ავივის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისრაელის სახელმწიფოს ქ.თელ-ავივის 2009 წლის 18 ივნისის ¹025900/08 გადაწყვეტილებით გაუქმდა მეუღლეებს _ გ. კ-შვილსა და ი. კ-შვილს შორის 1993 წლის 12 თებერვალს საქართველოში რეგისტირებული ქორწინება გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რის შესახებაც ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ი. კ-შვილის წარმომადგენელმა დ. გ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და ი.კ-შვილის წარმომადგენელ დ.გ-ძეს დაევალა ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობების წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც მოცემული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ასევე, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ აღსრულებულა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, მიუთითა საქმეში მის მიერ წარმოდგენილ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ამონაწერზე და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება როგორც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, ისე გადაწყვეტილების აღსრულებაც, რის გამოც მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით დავალებულ მტკიცებულებებს მარწმუნებელი სასამართლოს ვერ წარუდგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. კ-შვილის წარმომადგენელ დ. გ-ძის შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეგისტრაციო ამონაწერით უდავოდ დასტურდება და ამას არც ი.კ-შვილის წარმომადგენელი ხდის სადავოდ, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქრთველოს ტერიტორიაზე ცნობასაც იგი მოითხოვს მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია (სარეგისტრაციო ამონაწერში ოჯახური მდგომარეობისათვის განკუთვნილ გრაფაში მითითებულია, რომ ი.კ-შვილი განქორწინებულია), ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით ცნობა სავალდებულო არაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები (იგი უკვე აღსრულებულია გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე) ი.კ-შვილის წარმომადგენელ დ.გ-ძის შუამდგომლობას უნდა ეთქვას უარი წარმოებაში მიღებაზე და დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-შვილის წარმომადგენელ დ. გ-ძის შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.