Facebook Twitter

ა-2392-შ-70-2010 10 თებერვალი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ა-ია

წარმომადგენელი _ დ. დ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. პ-ესი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-იასა და რ. პ-ესს შორის 2008 წლის 20 ნოემბერს ქ.კიოლნის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹4254 ქორწინება შეწყდა.

ნ. ა-იას წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-იას წარმომადგენელ დ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საკასაციო პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებით ნ. ა-იას წარმომადგენელ დ. დ-შვილს დაევალა წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ აღსრულებულა.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ამონაწერი საოჯახო წიგნიდან. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ა-იას წარმომადგენელ დ. დ-შვილის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საოჯახო წიგნიდან ამონაწერით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქრთველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით ცნობა სავალდებულო არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები (იგი უკვე აღსრულებულია გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე) ნ. ა-იას წარმომადგენელ დ. დ-შვილის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-იას წარმომადგენელ დ. დ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ქ.კიოლნის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.