Facebook Twitter

¹ა-2624-შ-87-09 25 იანვარი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ქ-ური (წარმომადგენელი გ. მ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. ვ-იგი

განხილვის საგანი _ გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე 23ა F 1924/09) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე 23ა F 1924/09) საქართველოში, ქ. თბილისში 2005 წლის 23 აპრილს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა; თითოეულ მხარეს დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის, აგრეთვე, სასამართლო ხარჯის ნახევრის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ქ-ურმა (წარმომადგენელი გ. მ-შვილი), რომელმაც მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ. ქ-ურის (წარმომადგენელი გ. მ-შვილი) შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ. ქ-ურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 23ა F 1924/09) იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, 70-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ურის (წარმომადგენელი გ. მ-შვილი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე 23ა F 1924/09) იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოში, ქ. თბილისში 2005 წლის 23 აპრილს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.