ა-2652-შ-72-2010 31 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შპს “ე-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “D-I”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “D-I-ს” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 331973 რუსული რუბლისა და 35 კაპიკის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის _ 11640 რუსული რუბლის ანაზღაურება.
შპს “ე-ის” დირექტორმა ს.იუ.ლ-ოვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 13 ივლისს. ამავე გადაწყვეტილებითა და მხარის მიერ წარმოდგენილი ტელეგრამის გადაცემა-ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს “D-I-ს” ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მოპასუხე დათქმულ დროს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს “ე-ს” დაევალა სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაედასტურებინა ის გარემოება, რომ სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
როგორც სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ვ.ვ.მ-ოვას წერილიდან ირკვევა, სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს “ე-ის” შუამდგომლობა სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “D-I-ს” შპს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 331973 რუსული რუბლისა და 35 კაპიკის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის _ 11640 რუსული რუბლის ანაზღაურება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს “ე-ის” დირექტორმა ს. ლ-ოვმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 13 ივლისს, ამავე გადაწყვეტილებითა და მხარის მიერ წარმოდგენილი ტელეგრამის გადაცემა-ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს “D-I-ს” ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მოპასუხე დათქმულ დროს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. როგორც სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ვ.ვ.მ-ოვას წერილიდან ირკვევა, სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს “D-I-ის” დირექტორ კ. ჯ-შვილის მოსაზრებას განსახილველი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ობიექტური გარემოებების გამო (რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა) კომპანიამ ვერ შესძლო სასამართლო სხდომაზე დასწრება.
უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენციის მე-5 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა იმ მხარის თხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს მხარე კომპეტენტურ ხელისუფლებას ადგილის მიხედვით, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება, წარუდგენს იმის დამამტკიცებელ საბუთებს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო გარჩევის თაობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო თავის ახსნა-განმარტების წარდგენა.
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.გ. ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს თუ მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო სათანადო წესით დაესაბუთებინა საარბიტრაჟო განხილვაში მისი მონაწილეობის შეუძლებლობა. მხარეს გარდა თავსი განმარტებისა, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარის საარბიტრაჟო სასამართლოში გამოცხადების მიზნით სხვა სახელმწიფოში გასვლაზე კომპეტენტური უწყების მიერ უარის თქმას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ე-ის” დირექტორ ს.ლ-ოვის შუამდგომლობა სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად სამარის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება თანხის _ 331973 რუსული რუბლისა და 35 კაპიკის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის _ 11640 რუსული რუბლის “D-I-სთვის” დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.