ა-2718-შ-73-2010 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ს. ხ-იდუ
წარმომადგენელი _ თ. ე-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ხ-იდი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ქ.თესალონიკის მრავალწევრიანი სასამართლოს 2005 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.თესალონიკის მრავალწევრიანი სასამართლოს 2005 წლის 3 მარტის ¹18775/2005 გადაწყვეტილებით შეწყვეტილად გამოცხადდა საქართველოში, ქ.თბილისში 2003 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება ს. დ.-ს ასულ გ-ძესა და ა. ვ.-ს ძე ხ-იდის შორის, მოპასუხე ა.ხ-იდის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების გაღება.
ს. ხ-იდუს წარმომადგენელმა თ.ე-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე იყო ინფორმირებული და მას ჩაბარდა სარჩელის ზუსტი ასლი, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ასევე დასტურდება, რომ 2010 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით მოცემულ დავაზე საჩივარი ზემდგომ სასამართლოში არ არის შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ს. ხ-იდუს წარმომადგენელ თ. ე-ძის შუამდგომლობა ქ.თესალონიკის მრავალწევრიანი სასამართლოს 2005 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.
დასახელებული ნორმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იმპერატიულად ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და აღნიშნული განისაზღვრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლით.
განსახილველ შემთხვევაში, ს.ხ-იდუს წარმომადგენელ თ.ე-ძის მიერ შემოტანილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, განხილულია 2005 წლის 3 მარტს, გადაწყვეტილების თანახმად, იგი გამოტანილია 2005 წლის 2 ივნისს და რიგგარეშე სახალხო კრებაზე ეუწყა საზოგადოებას 2005 წლის 23 ივნისს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართა 2010 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით, ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა მხოლოდ თესალონიკის სასამართლოს მიერ გაცემული მოწმობა, რომლის თანახმადაც 18775/2005 გადაწყვეტილებაზე 2010 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით საჩივარი არ არის შეტანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს. ხ-იდუს წარმომადგენელ თ. ე-ძის შუამდგომლობა ხანაზმულია, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ხ-იდუს წარმომადგენელ თ.ე-ძის შუამდგომლობა ქ.თესალონიკის მრავალწევრიანი სასამართლოს ¹18775/2005 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.