¹ა-2881-შ-78-2010 10 იანვარი, 2011 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. გ-ია
წარმომადგენელი _ ქ. ტ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. ბ. გ-ელე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისისა და 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებები
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ია ჰ. ბ. გ-ელეს განცხადების საფუძველზე აყვანილ იქნა ჰ. ბ. გ-ელეს შვილად და შვილობილი ატარებს გვარს _ გ-ია-გ-ელე.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით კი, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში გასწორდა დაშვებული უსწორობა და შვილობილის დაბადების თარიღად მითითებული _ 12.8.1981 გასწორდა 12.9.1981-ით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. გ-იას წარმომადგენელმა ქ. ტ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
წარმოდგენილ შუამდგომლობას ასევე დართული აქვს შლანგენბადის თვითმმართველობის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 1981 წლის 12 სექტემბერს დაბადებული გ-ია-გ-ელე მ. ატარებს გვარს გ-ია-გ-ელე ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. გ-იას წარმომადგენელ ქ.ტ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით იმ გარემოებათა დადასტურება, რომ ჰ. ბ. გ-ელე სათანადოდ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის განხილვაზე, ასევე, რომ უსწორობის გასწორების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაშია შესული და ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილისა და 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი ცნობა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ.გ-იას წარმომადგენელ ქ.ტ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და შპს «საქართველოს ფოსტის» მიერ წარმოდგენილ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელ აქტზე შეტყობინების ბარათის დაბრუნების დღის თარიღის აღმნიშვნელი «შტემპელის» თანახმად (აღნიშნულით დასტურდება ადრესატისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდეგ შეტყობინების გამგზავისათვის ჩაბარების დამადასტურებელი აქტის დაბრუნება), ქ.ტ-ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 17 დეკემბერს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ქ.ტ-ძეს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. გ-იას წარმომადგენელ ქ. ტ-ძის შუამდგომლობა ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისისა და 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. გ-იას წარმომადგენელმა ქ. ტ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. გ-იას წარმომადგენელ ქ.ტ-ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილისა და 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, ასევე სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით იმ გარემოებათა დადასტურება, რომ ჰ. ბ. გ-ელე სათანადოდ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის განხილვაზე და, რომ უსწორობის გასწორების შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ.გ-იას წარმომადგენელ ქ.ტ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და შპს «საქართველოს ფოსტის» მიერ წარმოდგენილ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელ აქტზე შეტყობინების ბარათის დაბრუნების დღის თარიღის აღმნიშვნელი «შტემპელის» თანახმად, ქ.ტ-ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 17 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის შესაბამისად, მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 18 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 დეკემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-იას წარმომადგენელ ქ. ტ-ძის შუამდგომლობა ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისისა და 2010 წლის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-იას წარმომადგენელ ქ. ტ-ძის შუამდგომლობა ბად შვალბახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისისა და 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.