Facebook Twitter

¹ა-2991-შ-82-2010 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ლ-უა

წარმომადგენელი _ ი. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ვ-იტე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ქ.მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ქ.მიუნხენს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ი. ლ-უას განცხადება ე. ვ-ტეს მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, მეუღლეთა ქორწინება (ქორწინების რეესტრის ¹...) რეგისტრირებული 2006 წლის 29 ივნისს დანიის, ლოგუმკლოსტერის მმაჩის მოხელის მიერ გაუქმდა, მეუღლეთა წილების გათანაბრება არ მომხდარა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ლ-უას წარმომადგენელმა ადვოკატმა ი.ნ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გერმანიის ქ.მიუნხენს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 12 მაისსვე, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის საფუძველზე, აქვე მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი იყო რწმუნებულის მეშვეობით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ი.ლ-უას წარმომადგენელმა ი.ნ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ განჩინებაში მითითებული მტკიცებულებების წარმოდგენა ქ.მიუნხენიდან უფრო მცირე ვადაში ვერ ხერხდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ივ.ლ-უას წარმომადგენელ ი.ნ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, ივ.ლ-უას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 20 დღით და დაევალა ქ.მიუნხენს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობის დადასტურება.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ივ.ლ-უას წარმომადგენელ ი.ნ-ძეს მის მიერ საქმეში ითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2011 წლის 17 იანვარს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს მისთვის დაკისრებული მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. ლ-უას წარმომადგენელ ი. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ლ-უას წარმომადგენელმა ადვოკატმა ი.ნ-ძემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ი.ნ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა მხარეს გაუგრძელდა 20 (ოცი) დღით.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ივ.ლ-უას წარმომადგენელ ი.ნ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და შპს «საქართველოს ფოსტის» მიერ წარმოდგენილ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი აქტის თანახმად, ადრესატს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა 2011 წლის 17 იანვარს (იხ. ს.ფ.28).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის შესაბამისად, მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოცდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 იანვარს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 6 თებერვალი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა ამავე წლის 7 თებერვალს _ ორშაბათს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ლ-უას წარმომადგენელ ი. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ლ-უას წარმომადგენელ ი. ნ-ძის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.