Facebook Twitter

¹ ა-2999-შ-84-2010 17 იანვარი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ კ. გ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. რ-აია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1993 წლის 7 დეკემბერს თბილისის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი ¹1995) 1969 წელს დაბადებულ კ. გ-იანსა და 1972 წელს დაბადებულ ე. რ-აიას შორის. განქორწინებულებს დარჩათ ქორწინების გვარები.

კ. გ-იანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კ. გ-იანის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი შუამდგომლობით კ. გ-იანი ითხოვს ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც გაუქმდა 1993 წლის 7 დეკემბერს თბილისის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი ¹1995) 1969 წელს დაბადებულ კ. გ-იანსა და 1972 წელს დაბადებულ ე. რ-აიას შორის, განქორწინებულებს დარჩათ ქორწინების გვარები. საქმის მასალების თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1999 წლის 27 სექტემბერს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით, რამდენადაც შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარმოდგენილია კანონის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 13 დეკემბერს.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ _ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება. ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-იანის შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის ვენტსპილსის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.