საქმე ¹ა-299-შ-4-2010 1 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრიასაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ს-აია
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ს-შვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-აიასა და მესამე პირების _ ქ.მოსკოვის ნოტარიუს ვ.ი. ე-ოვის, ა.შ-შვილის, ვ.ი.მ-ინას მიმართ ქ.თბილისის ნოტარიუს ა.შ-შვილის მიერ 2003 წლის 31 ოქტომბერს დამოწმებული ზ.ი.ს-შვილის ანდერძის ბათილად ცნობისა და ქ.მოსკოვში, ... .. შესახვევში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის 2/7-ის, ასევე “ი.” ანაბარზე არსებულ თანხაზე საკუთრების აღიარების შესახებ.
ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-შვილის სარჩელი ნ. ს-აიას მიმართ ანდერძის ბათილად ცნობისა და სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი წესით არასაცხოვრებელი ფართისა და ფულადი ანაბრის მესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ. ს-აიამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 22 აპრილს, ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ამასთან, მოსარჩელე და მოპასუხე სხდომაზე მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ს-აიას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
დ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, ასევე მოითხოვა განსახილველი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურის სპეციალური და კრიმინალური სამმართველოს მიერ 2006 წლის 27 ივლისის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სადავო ანდერძზე არსებული ზ.ს-შვილის ხელმოწერა შესრულებულია კონტურზე შემოხაზვით, რის გამოც იგი ინდენტიფიკაციისათვის უვარგისია, ნ.ს-აიას მიერ წარდგენილი ანდერძის მეორე ეგზემპლარი ასევე არ აღმოჩნდა ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად სათანადო, ამასთან, თავად ანდერძშივე მითითებულია, რომ იგი შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცა ზ.ს-შვილს, ხოლო მეორე _ სანოტარო ბიუროს. ჩატარებული ექსპერტიზა ცხადყოფს, რომ ანდერიძის ორივე ეგზემპლარი შესრულებულია სხვადასხვა ფერის კალმით.
ანდერძის გაყალბების ფაქტზე ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დ.ს-შვილი ცნობილია დაზარალებულად. ამასთან, გამოძიებამ ვერ მოიპოვა ანდერძის მეორე ეგზემპლარი, რადგანაც სანოტარო არქივში დალუქული კონვერტი ცარიელი აღმოჩნდა, სარეგისტრაციო ჟურნალი დაკარგული, ხოლო კონვერტზე ზ.ს-შვილის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მის ავტორს. ანდერძის სიყალბის ფაქტი ასევე დასტურდება იმით, რომ მასში მითითებულია 2000 წლის 30 აგვისტოდან დაკარგულად გამოცხადებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო ანდერძის შედგენის დროისათვის მამკვიდრებელი რუსეთის მოქალაქე იყო. სამკვიდრო მასად მითითებული ქონებაც, რომელიც მამკვიდრებელს არ გააჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ დ. ს-შვილის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. ს-აიას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-შვილის სარჩელი ნ. ს-აიას მიმართ ანდერძის ბათილად ცნობისა და სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი წესით არასაცხოვრებელი ფართისა და ფულადი ანაბრის მესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ. ს-აიამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ნ. ს-აიას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დ.ს-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა იმ საფუძვლით, რომ ანდერძი, რომლის თაობაზეც მიღებულ იქნა ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, ყალბია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა მოცემულ ანდერძზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასა და ამ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება ნ.ს-აიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს. ამდენად, დ.ს-შვილის მიერ მითითებული გარემოებები ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის, ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-აიას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება ანდერძის ბათილად ცნობის, სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი წესით არასაცხოვრებელი ფართისა და ფულადი ანაბრის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დ. ს-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.