Facebook Twitter

ა-3090-შ-86-2010 10 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს. ბ-არა

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ. ს. ბ-არას სარჩელი მ. ყ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა, მ. ს. ბ-არასა და მ. ყ-შვილს შორის საქართველოში, ქ.თბილისში 2008 წლის 21 ივნისს საემიგრაციო და სამოქალაქო დეპარტამენტის ოჯახურ მდგომარეობათა განყოფილებაში რეგისტრირებული ¹... ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ყ-შვილმა და მოითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განაჩენის (გადაწყვეტილების) შინაარსით დასტურდება, რომ მხარეები საქმის განხილვის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, ასევე ირკვევა, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მ.ყ-შვილი მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით მ.ყ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენით იმ გარემოების დადასტურება, რომ უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ.ყ-შვილს მს მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 15 იანვარს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მ.ყ-შვილს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ყ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ყ-შვილმა და მოითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით მ.ყ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენით იმ გარემოების დადასტურება, რომ უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ. ყ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე და შპს «საქართველოს ფოსტის» მიერ წარმოდგენილ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი აქტის თანახმად, ადრესატს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა 2011 წლის 15 იანვარს (იხ. ს.ფ.17).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, მ.ყ-შვილისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ყ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ყ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის, უნგრეთის პეშტ რაიონის ცენტრალური სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.