Facebook Twitter

ა-3111-შ-87-2010 10 თებერვალი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. კ-ძე-გ-იდი

წარმომადგენელი _ ნ. ჩ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ტ-იას გ-იდი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-იდსა და მ. ტ-იას გ-იდს შორის ქ.მიუნჰენში, პოინგის მმაჩის ბიუროში 2006 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული ¹51/2006 ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 16 ნოემბრს.

თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელმა ნ. ჩ-იამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2011 წლის 10 იანვარს ტ-იას გ-იდმა წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას დაევალა წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ აღსრულებულა.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ამონაწერი საოჯახო წიგნიდან. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საოჯახო წიგნიდან ამონაწერით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქრთველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით ცნობა სავალდებულო არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები (იგი უკვე აღსრულებულია გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე) თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ძე-გ-იდის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა ¹5 განყოფილების 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.