Facebook Twitter

¹ ა-312-შ-7-2011 18 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. ქ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.რიზეს სარეგისტრაციო სამსახური

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა ქ.თბილისში 1991 წლის 19 იანვარს დაბადებული ს. დ-იანის (თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა ¹...) სახელი და გვარი, კერძოდ, სახელი “ს.” შეიცვალა სახელით “ე.,” ხოლო გვარი “დ-იანი” _ გვარად “ქ-ელი.” აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 4 ივნისს.

Eე. ქ-ელმა შუმადგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ქ-ელის შუამდგომლობა თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ამასთან საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობის ავტორის პირადობის მოწმობიდანაც ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზეც აღსრულებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები, ე. ქ-ელის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ქ-ელის შუამდგომლობა თურქეთის ქ.რიზეს პირველი ინსტანციის სამოქალქო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.