Facebook Twitter

ა-403-შ-9-2010 4 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლების მ. ღ-ძისა და შ. მ-შვილის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდ-ს” მიმართ, თანხის გადახდის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “უკრაინსკი ავტობუსის” უფლებამონაცვლე შპს “საავტომობილო სახლმა ბოგდანმა” სარჩელით მიმართა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” მიმართ თანხების დაკისრების მოთხოვნით.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” დაევალა დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს “საავტომობილო სახლ ბოგდანს” 129 600 აშშ დოლარი ძირითადი დავალიანება, პირგასამტეხლო - 2291.20 აშშ დოლარი, სხვისი თანხით სარგებლობისათვის 3% წლიური სარგებელი - 1832,15 აშშ დოლარი, სარბიტრაჟო მოსაკრებელი – 7524.26 აშშ დოლარი. სულ 161 247 (ას სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაშვიდი) აშშ დოლარი და 61 ცენტი. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება 15163.20 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში, მოსარჩელეს დაეკისრა საარბატრაჟო ხარჯების - 742,34 აშშ დოლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 20 თებერვალს.

შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლებმა მ. ღ-ძემ და შ. მ-შვილმა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლების მ. ღ-ძისა და შ. მ-შვილის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს”. საკასაციო სასამართლოს განჩინება ადრესატს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 21 აპრილს.

2010 წლის 30 აპრილს შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” დირექტორმა ლ. რ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა.

2010 წლის 28 მაისს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრმა ლ.პოდპალოვმა წერილით მიმართა საკასაციო პალატას, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხე შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდ” უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონის შესაბამისად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” დირექტორ ლ. რ-ძის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განხილულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლების მ. ღ-ძისა და შ. მ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს “უკრაინსკი ავტობუსის” უფლებამონაცვლე შპს “საავტომობილო სახლმა ბოგდანმა” სარჩელით მიმართა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” მიმართ თანხების დაკისრების მოთხოვნით.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” დაევალა დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს “საავტომობილო სახლ ბოგდანს” 129 600 აშშ დოლარი ძირითადი დავალიანება, პირგასამტეხლო - 2291.20 აშშ დოლარი, სხვისი თანხით სარგებლობისათვის 3% წლიური სარგებელი - 1832,15 აშშ დოლარი, სარბიტრაჟო მოსაკრებელი – 7524.26 აშშ დოლარი. სულ 161 247 (ას სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაშვიდი) აშშ დოლარი და 61 ცენტი. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება 15163.20 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში, მოსარჩელეს დაეკისრა საარბატრაჟო ხარჯების - 742,34 აშშ დოლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 20 თებერვალს.

შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლებმა მ. ღ-ძემ და შ. მ-შვილმა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “საავტომობილო სახლი ბოგდანის” წარმომადგენლების მ. ღ-ძისა და შ. მ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ჰოუფ ინვესტ გრუფ ლტდს” დაევალა დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გადაუხადოს შპს “საავტომობილო სახლ ბოგდანს” 129 600 აშშ დოლარი ძირითადი დავალიანება, პირგასამტეხლო - 2291.20 აშშ დოლარი, სხვისი თანხით სარგებლობისათვის 3% წლიური სარგებელი - 1832,15 აშშ დოლარი, სარბიტრაჟო მოსაკრებელი – 7524.26 აშშ დოლარი. სულ 161 247 (ას სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაშვიდი) აშშ დოლარი და 61 ცენტი. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება 15163.20 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში, მოსარჩელეს დაეკისრა საარბატრაჟო ხარჯების - 742,34 აშშ დოლარის გადახდა - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.