ა-433-შ-10-2010 26 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ კომუნალური საწარმო “საერთაშორისო აეროპორტი დონეცკი”
მოწინააღმდეგე მხარე _ სს `თ-ი”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კომუნალურმა საწარმომ “ს-მა” სარჩელით მიმართა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს სს “თ-ის” მიმართ მიწისზედა მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს “თ-ს” კომუნალურ საწარმო “დ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 40161.48 აშშ დოლარის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 2784.30 აშშ დოლარის, სულ 42945.78 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კომუნალურმა საწარმო “დ-მა” და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა არბიტრის მიერ ხელმოწერის დღიდან _ 2009 წლის 30 იანვარს, სს “თ-ს” სათანადოდ ეცნობა საარბიტრაჟო განხილვის ყველა სტადიის შესახებ, კერძოდ, ჩაბარდა სარჩელი, რეგლამენტი, არბიტრთა სია, ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, დრო, ადგილი, სასამართლოს შემადგენლობა, საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის დადგენილება ერთპიროვნულად არბიტრის დანიშვნის შესახებ, დამატებით წარდგენილი მასალები, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით კომუნალური საწარმოს _ “ს-ის” შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სს “თ-მა” განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიმართ დაგროვებული დავალიანების გადაუხდელობა გამოწვეული იყო 2008 წლის აგვისტოს განვითარებული მოვლენებით, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ ვალის რესტრუქტურიზაციაზე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების დაფარვის გრაფიკი. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ ვალის დაფარვა უნდა დაწყებულიყო მიმდინარე წლის იანვრიდან, თუმცა ფრენების დაწყების გადადებიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალის დაფარვა დაიწყება მაისის თვიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კომუნალური საწარმოს _ “ს-ის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს “თ-ს” კომუნალურ საწარმო “დ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის _ 40161.48 აშშ დოლარის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 2784.30 აშშ დოლარის, სულ 42945.78 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კომუნალურმა საწარმომ “ს-მა” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა არბიტრის მიერ ხელმოწერის დღიდან _ 2009 წლის 30 იანვარს, სს “თ-ს” სათანადოდ ეცნობა საარბიტრაჟო განხილვის ყველა სტადიის შესახებ, კერძოდ ჩაბარდა სარჩელი, რეგლამენტი, არბიტრთა სია, ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, დრო, ადგილი, სასამართლოს შემადგენლობა, საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის დადგენილება ერთპიროვნულად არბიტრის დანიშვნის შესახებ, დამატებით წარდგენილი მასალები, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კომუნალური საწარმოს _ “ს-ის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სს “თ-ისათვის” კომუნალური საწარმო “დ-ის” სასარგებლოდ თანხის _ 42945.78 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.