ა-44-შ-1-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შპს “ა. პ.”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს.”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი –თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ავიაკომპანის “ს.-ს” შპს “ა. პ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრელის, სულ 31355 აშშ დოლარისა და 51 ცენტის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს “ა. პ.-მ” და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე _ 2008 წლის 7 ნოემბერს, ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე ავიაკომპანია “ს.-ს” 2008 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, 2008 წლის 6 ოქტომბერს _ ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 სექტემბრის დადგენილება მოპასუხის ნაცვლად არბიტრის დანიშვნის შესახებ, 2008 წლის 1 დეკემბერს კი _ ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრების თანახმად, მოპასუხე შპს “ს.” არ იყო ინფორმირებული საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე, შესაბამისად, მან ვერ შეძლო საარბიტრაჟო პრეტენზიაზე სათანადო შესაგებლის წარმოდგენა.
მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელში მითითებული გარემოების, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას შპს ავიაკომპანია “ს.-ს” შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება იყო თუ არა ავიაკომპანია “ს.” ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე.
2010 წლის 14 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეცა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს წერილობითი მომართვა, რომლის თანახმადაც მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ იყო სათანადოდ ინფორმირებული, აღნიშნულ მომართვას ასევე ერთვის დამოწმებული საფოსტო შეტყობინების აქტი ¹ღD 010415325 УА, რომლის თანახმადაც სასამართლო შეტყობინება ადრესატ ავიაკომპანია “ს.-ს” გადაეცა 2008 წლის 6 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს “ა. პ.-ს” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ავიაკომპანის “ს.-ს” შპს “ა. პ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრელის, სულ 31355 აშშ დოლარისა და 51 ცენტის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს “ა. პ.-მ” და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორისმიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისათანავე _ 2008 წლის 7 ნოემბერს, ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე ავიაკომპანია “ს.-ს” 2008 წლის 4 აგვისტოს ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, 2008 წლის 6 ოქტომბერს _ ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 სექტემბრის დადგენილება მოპასუხის ნაცვლად არბიტრის დანიშვნის შესახებ, 2008 წლის 1 დეკემბერს კი _ ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ავიაკომპანია “ს.-ს” მოსაზრებას, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს საქმის განხილვის თაობაზე საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარის არასათანადოდ ინფორმირების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე გადმოცემული დოკუმენტით _ საფოსტო შეტყობინების აქტით ¹ღD 010415325 УА დასტურდება, რომ მოპასუხე მხარე დროულად და ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ავიაკომპანია “ს.-მ”, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა წერილობით მოსაზრებაში მითითებული გარემობა მისი არასათანადოდ ინფორმირების შესახებ, კერძოდ, მან ვერ შეძლო დასახელებული ნორმის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხის არასათანადოდ ინფორმირების ფაქტის სასამართლოს მიერ გაზიარებისათვის, რაც სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შპს ავიაკომპანია “საქავიასერვისს” არც შუამდგომლობის მასალების გადაცემისა და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას სადავოდ არ გაუხდია ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის ფაქტი.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ა. პ.-ს” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს ავიაკომპანია “ს.-სათვის” შპს “ა. პ.-ს” სასარგებლოდ თანხის _ 31355 აშშ დოლარისა და 51 ცენტის დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.