Facebook Twitter

ა-ა-535-შ-11-10 16 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. ო-ილის შუამდგომლობა გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ჰ. ო-ილის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ი. ო-ილის განცხადება ჰ. ო-ილის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

ი. ო-ილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ი. ო-ილის შუამდგომლობა გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ო-ილის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ი. ო-ილის განცხადება დაკმაყოფილდა ჰ. ო-ილის მიმართ განქორწინების თაობაზე.

2010 წლის 5 მარტს ი. ო-ილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის შემომტანმა პირმა დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რადგან მას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოეთხოვა კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში, ამ მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა შეეძლო 2008 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, მან კი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2010 წლის 5 მარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ო-ილის შუამდგომლობა გერმანიის ბად იბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.