ა-548-შ-10-11 17 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სამეცნიერო საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2”-ის წარმომადგენლის თ. შ-ძის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს «...ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «...ს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე სამეცნიერო საწარმოო კერძო საწარმო «..-2-ს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 1243929.01 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 62196.45 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 17393.58 აშშ დოლარი, სულ 1323519.61 აშშ დოლარი.
სამეცნიერო-საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2-ის» წარმომადგენელმა თ. შ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე, _ 2010 წლის 27 ივლისს, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რეგლამენტი და არბიტრთა სია, უწყება საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ეცნობა საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობას და ასევე ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია «...ბანკის» მიერ გაცემული ცნობის ასლი, რომლის თანახმადაც მოდავე მხარეთა შორის 2009 წლის 30 ოქტომბერს დადებული ¹100/09 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შპს «...ს» მოსარჩელის ანგარიშზე არ ჩაურიცხავს.
მიუხედავად კანონით დადგენილი წესით მოპასუხე შპს «...ს» ინფორმირებისა, მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც საქმის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებისა და მისი აღუსრულებლობის თაობაზე გაცემული ცნობის დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით წარმოდგენა, ასევე სამეცნიერო-საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2-ის» მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც სათანადოდ მიეთითებოდა მარწმუნებლის სახელით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში სამეცნიერო საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2-ის» წარმომადგენელმა თ. შ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და დადგენილი ხარვეზი სრულად გამოასწორა, დამატებით კი წარმოადგინა უკრაინის კომსომოლსკის რაიონის ქ.....ს სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს აქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით სამეცნიერო საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2”-ის წარმომადგენლის თ. შ-ძის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო--სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სამეცნიერო საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2”-ის წარმომადგენლის თ. შ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «...ს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე სამეცნიერო საწარმოო კერძო საწარმო «..-2-ს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 1243929.01 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 62196.45 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 17393.58 აშშ დოლარი, სულ 1323519.61 აშშ დოლარი.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამეცნიერო საწარმოო კერძო დაწესებულება «..-2”-ის წარმომადგენლის თ. შ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «...ს» დაეკისრა გადაწყვეტილების მიღებისთანავე სამეცნიერო საწარმოო კერძო საწარმო «..-2-ს» დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს საქონლის ღირებულება _ 1243929.01 აშშ დოლარი, თანხის გადახდის დაგვიანებისათვის ჯარიმა _ 62196.45 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი _ 17393.58 აშშ დოლარი, სულ 1323519.61 აშშ დოლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.