¹ბს-1251-826(კ-05) 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ხ-ამ 2005წ. 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კს ბრძანების არაკანონიერად ცნობა, რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის შედეგად მიღებული ხელფასის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1992 წლიდან ზ. ხ-ა მსახურობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წელს მოსარჩელემ გაიარა ატესტაცია და 2004წ. 2 აგვისტოდან საბაჟო გამშვებ პუნქტ « ..... « მუშაობდა ინსპექტორის თანამდებობაზე.
2004წ. 3 დეკემბერს დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით მოსარჩელეს ჩაჰბარდა «გაფრთხილება», რომლითაც ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების გამო, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლის საფუძველზე ზ. ხ-ას ეცნობა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე.
2005წ. 5 იანვარს ¹24-კ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის _ გ. გ-ის ბრძანების ¹775 საფუძველზე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლის თანახმად, ზ. ხ-ა გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რაც მოსარჩელეს მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხემ არ გაითვალისწინა მისი განათლება, შრომის სტაჟი და ოჯახური მდგომარეობა, რომ იგი არის ომის მონაწილე, Hჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ავადმყოფი დედა, ამასთან, ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი, რაც შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სამსახურში მუშაკის უპირატესი დარჩენის უფლების საფუძველს.
მოსარჩელე თვლის, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაცია არ წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, მით უფრო, როდესაც მითითებული კანონის 97.2. მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ მოხელეს უნდა შესთავაზონ სხვა რაიმე თანამდებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელდა. ამასთან, მოპასუხემ არ გაითვალისწინა ატესტაციის შედეგები.
მოსარჩელე თვლის, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე, აგრეთვე შრომის კანონთა კოდექსის 203-ე და 207-ე მუხლების საფუძველზე იგი ექვემდებარება რეორგანიზაციამდე არსებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
2004წ. 29 ნოემბრის ¹768 ბრძანებით «ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ» 2004წ. 29 ნოემბრის ¹769 ბრძანებით შევიდა ცვლილებები და დამატებები «ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებაში.
ფინანასთა სამინისტროს 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური, საბაჟო «დასავლეთის» საშტატო ნუსხის თანახმად, საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 390 ერთეულით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ « ........ « _ 7 საშტატო ერთეულით.
ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის’’ საშტატო განრიგით, რიცხოვნობა განისაზღვრა 342 საშტატო ერთეულით, საბაჟო-გამშვები პუნქტი « ........ « საშტატო რიცხოვნობა _ 4 საშტატო ერთეულით.
საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე, მათ შორის მოსარჩელეც გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის დროს თანამდებობათა შემცირებისას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლის საფუძველზე.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ ძველი და ახალი საშტატო ნუსხების შედარებისას ნათლად გამოჩნდა განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად საბაჟო დეპარტამენტისრეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» 48 საშტატო ერთულის შემცირება, ხოლო უშუალოდ მოსარჩელის სამსახური_საბაჟო-გამშვებ პუნქტ «….......... ’’ საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 3 საშტატო ერთეულით, ინსპექტორის თანამდებობა _ ორი საშტატო ერთეულით.
მოპასუხე თვლის, რომ საბაჟო დეპარატამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, ხოლო საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი არეგულირებს მოხელის გათავისუფლებას სამსახურიდან შტატების შემცირებისას, რაც მოცემულ შემთხვევაში რეალურად განხორციელდა.
რაიონულ სასამართლოში 2005წ. 17 მარტს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ბრძანება ¹24-კ ზ. ხ-ას რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვებ პუნქტ « ........ « ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ზ. ხ-ა აღდგენილი იქნა მის გათავისუფლებამდე დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისრეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტში _ « ........’’ ინსპექტორის თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელე ზ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური, 2005წ. 5 იანვრიდან სამსახურში რეალურად აღდგენამდე და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ხოლო შტატების შემცირებისას მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მითითებული კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ მოპასუხემ ზ. ხ-ას გათავისუფლებისას დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ შექმნა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების განმსაზღვრელი კომისია, არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რის გამოც შეილახა ზ. ხ-ას უფლება, გასცნობოდა სხვა მოხელეთა უპირატესი უფლების, თანამდებობაზე დარჩენის საფუძვლიანობას.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლი, რადგან მოხელისათვის არ შეუთავაზებია სხვა სამსახური და არ გაურკვევია, ჰქონდა თუ არა მას სხვა თანამდებობის დაკავების სურვილი, მით უფრო მაშინ, როდესაც სამსახურში იღებდნენ ისეთ პირებს, რომლებსაც დეპარტამენტში არ უმუშავიათ.
სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ზ. ხ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის «დ’’ პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე და 127.5. მუხლების საფუძველზე მოსარჩელე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ზ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოტივით:
აპელანტი თვლის, რომ ზ. ხ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლი, ვინაიდან მითითებული მუხლი არეგულირებს მოხელის გათავისუფლების წესს შტატების შემცირებისას, ხოლო მეორე პუნქტი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.
აპელანტი თვლის, რომ არასწორიასასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან რეალურად ადმინისტრაციამ იმსჯელა, თუ ვის ენიჭებოდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება შტატების შემცირებისას და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე დაინიშნენ მოხელეები თანამდებობებზე.
2005წ. 13 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც ზ. ხ-ა აღდგენილ იქნამის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვებ პუნქტ _ « ........ « ინსპექტორის თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ას სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვებ პუნქტ «........ « ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, გაუქმდა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ას სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 მარტის გადაწყვეტილება ზ. ხ-ას სამსახურში აღდგენის შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო სარჩელი გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე მუშაობდა საბაჟო გამშვებ პუნქტ « ........ « ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, რეგიონალური საბაჟო «დასავლეთი» განსაზღვრული იყო 390 საშტატო ერთეულით, საბაჟო გამშვებ პუნქტ «.......» _ 7, მათ შორის, ინსპექტორის 4 საშტატო ერთულით.
ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით საბაჟო «დასავლეთის» საშტატო ნუსხა განისაზღვრა _ 342, საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « _ 4, მათ შორის, ინსპექტორის 2 საშტატო ერთეულით.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით საბაჟო გამშვებ პუნქტ « ........ « ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ხ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, რაც საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ უგულებელყოფილია, ვინაიდან მას ზ. ხ-თვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, მაშინ, როდესაც საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის დროს რეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» მიღებულიახუთი ისეთი თანამშრომელი, მათ შორის, სამი-ინსპექტორის თანამდებობაზე, რომლებსაც ადრე საბაჟო სისტემაში არ უმუშავიათ.
სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე და 127.5. მუხლების თანახმად, მიიჩნია, რომ ზ. ხ-ას სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების, სამსახურში აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5. მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება მხოლოდ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, ხოლო სსკ-ის 268.1. მუხლის «ზ» პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება, რაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომრაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, სწორად იქნა დაკმაყოფილებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით და რომ საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა.
კასატორი თვლის, რომ ზ. ხ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. მუხლი, ვინაიდან მითითებული მუხლი არეგულირებს მოხელის გათავისუფლების წესს შტატების შემცირებისას, ხოლო მეორე პუნქტი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.
კასატორი თვლის, რომარასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე სასარჩელო მოთხოვნის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში, რამდენადაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან მითითებული თანხები ბიუჯეტში სეკვესტრირებულ იქნა რამდენჯერმე, ხოლო «2004წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის ხარჯებისათვის საქართველოს 2004წ. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ასიგნებების მოცულობა განისაზღვრა 42 000 ლარის ოდენობით,რის გამოც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტრომ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
სსკ-ის 407-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე და რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობის 48 საშტატო ერთეულით შემცირების ფაქტი, რის გამოც საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, ვინაიდან მითითებული მოსაზრება სსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით ექვემდებარება მტკიცებას და იგი მოპასუხის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი მტკიცებულებებით არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 ივლისს გაცემული ¹01-13/13177 ცნობით დასტურდება, რომ 2004წ. 2 დეკემბერიდან, ანუ რეორგანიზაციის განხორციელების შემდეგ რეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» დაინიშნა 5 თანამშრომელი, რომელთაც ადრე საბაჟო სისტემაში არ უმუშავიათ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევის თაობაზე და ვერ გაიზიარებს აღნიშნულზე კასატორის მითითებას, რომ საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი არეგულირებს მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირების გამო, ხოლო მითითებული ნორმის მეორე პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაცია იმ შემთხვევაშია ვალდებული შესთავაზოს მოხელეს სხვა თანამდებობა თუ მას აღნიშნულის შესაძლებლობა რეალურად აქვს.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» მე-14 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამასთან,მითითებული კანონის 97.2. მუხლით ცალსახად განისაზღვრა, რომ მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა, დაიკავოს სხვა თანამდებობა. ამდენად, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით, ისევე როგორც შრომის კანონთა კოდექსით, განსაზღვრულია მოხელის შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხემ რეალურად, კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაწესებულებაში შტატების შემცირებისას შესთავაზა მოსარჩელე ზ. ხ-ას სხვა ნებისმიერი თანამდებობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლი ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთისახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს ზ. ხ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება იძულებითი არყოფნის მთელი დროისათვის, ამდენად კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენს დაის გარემოება, რომ მითითებული თანხები ბიუჯეტში სეკვესტრირებულ იქნა რამდენჯერმე, არ განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილების კანონსაწინააღმდეგობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კასაციის მოტივები დაუსაბუთებელია და იგი ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახითუნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.