Facebook Twitter

ა-583-შ-14-2011 16 მაისი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ხ. გ-ი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილება

დავის საგანი – დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით ხ. გ-ი მ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნა ცვლილება და განმცხადებლის სახელად მიეთითა ხოკუმა.

ხ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 28 ოქტომბერს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ხ. გ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ხ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე კანონის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, ხოლო 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის საფუძველი.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელისა და გვარის შეცვლის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქისათვის. როგორც საქმის მასალებით დასტურდება განმცხადებელი ნ. ა. კ-ი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რის გამოც იგი მიუხედავად საქართველოში დაბადებისა, მხოლოდ განცხადების საფუძველზე ვერ განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანას.

მოცემულ შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით ხ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ხ. გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნა ცვლილება და განმცხადებლის სახელად მიეთითა ხ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილება ხ. გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში სახელის «ხ.ას” «ხო.დ” შეცვლასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.