Facebook Twitter

ა-590-შ-15-2011 8 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ა. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ა-ოვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ძესა და ტ. ა-ოვას შორის 2003 წლის 10 იანვარს შტუტგარტის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, მოსარჩელეს 2005 წლის 30 ნოემბრიდან მოყოლებული ბადენ-ვიურტემბერგის გერმანიის საპენსიო დაზღვევის საპენსიო ანგარიშიდან ¹23 ... მოპასუხის ანგარიშზე ¹09 1... 508 გადაერიცხა ყოველთვიური საკომპენსაციო თანხა _ 1.79 ევროს ოდენობით, სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.

ა. გ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 17 ოქტომბერს, ასევე დასტურდება, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით (მხარეთა მონაწილეობით) და მოპასუხე ტ. ა-ოვა დაეთანხმა განქორწინების განაცხადს. ამდენად, გადაწყვეტილების ტექსტით ირკვევა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.

განმცხადებლის მიერვე წარმოდგენილია ქორწინების სარეგისტრაციო წიგნიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ალ. გ-ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. გ-ძის შუამდგომლობა ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო უმთავრესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.

დასახელებული ნორმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იმპერატიულად ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და აღნიშნული განისაზღვრება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლით.

განსახილველ შემთხვევაში, ა. გ-ძის მიერ შემოტანილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 17 ოქტომბერს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართა 2011 წლის 4 მარტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ამონაწერის თანახმად, ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქორწინების სარეგისტრაციო წიგნის ამონაწერით უდავოდ დასტურდება რა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, რის გამოც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით ცნობა სავალდებულო არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები (იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხანდაზმულია, ასევე აღსრულებულია გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე), ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.

ამდენად, ა. გ-ძის შუამდგომლობა ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ძის შუამდგომლობა ლუდვიგსბურგის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.