ა-795-შ-14-2010 5 ივლისი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ე. ი-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჰ-ელი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილება (დამაკმაყოფილებელი ბრძანება)
დავის საგანი – უძრავი ქონებით სარგებლობის შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ ე. ი-ანის განცხადება უძრავი ქონებით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ და გაცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც რ. ჰ-ელს დაევალა საქართველოში რეგისტრირებული ფირმების _ “V-G” და “M-Y” აქციების გასხვისებისაგან, სხვის მფლობელობაში გადაცემისაგან, გაყიდვისა და დაგირავებისაგან თავის შეკავება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ე. ი-ანის წარმომადგენელმა ლ. ხ-შვილმა ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების (დამაკმაყოფილებელი ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
წარმოდგენილი შუამდგომლობით დასტურდება, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მოსარჩელის მოთხოვნის თაობაზე, ასევე ირკვევა, რომ მხარეები მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ე. ი-ანის შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ახლავს შესაბამისი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას. საქმეში წარმოდგენილი სატელეფნო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ე.ი-ანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილს სათანადოდ ეცნობა იმის შესახებ, რომ შუამდგომლობას არ ახლავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება და განესაზღვრა ვადა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
ლ.ხ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად საპროცესო ვადის 21 დღით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განცხადებით ე. ი-ანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2010 წლის 30 ივნისამდე და “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დადასტურება, რომ ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, ასევე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგი.
აღნიშნული განჩინების თაობაზე წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ლ.ხ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის კიდევ 15 (თხუთმეტი) დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ისრაელის საერთო სასამართლოებში გამოცხადებულია კანცელარიის მომსახურე მუშაკთა გაფიცვა, რის გამოც შეუძლებელია სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მოთხოვნილი მტკიცებულების აპოსტილით დამოწმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ი-ანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ე.ი-ანის წარმომადგენელ ლ.ხ-შვილს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 2010 წლის 30 ივნისამდე და დაევალა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მხარის წარმომადგენელ ლ.ხ-შვილს ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში 2010 წლის 29 ივნისს ლ.ხ-შვილმა განცხადებით განმეორებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის კიდევ 15 (თხუთმეტი) დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ისრაელის საერთო სასამართლოებში გამოცხადებულია კანცელარიის მომსახურე მუშაკთა გაფიცვა, რის გამოც შეუძლებელია სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მოთხოვნილი მტკიცებულების აპოსტილით დამოწმება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება მხარის მიერ 2010 წლის 29 ივნისის განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ ისრაელის საერთო სასამართლოებში გამოცხადებულია კანცელარიის მომსახურე მუშაკთა გაფიცვა, რის გამოც სასამართლოს განჩინებით დაკისრებული მტკიცებულების წარმოდგენა ვერ მოხერხდა, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან შუამდგგომლობის ავტორს ორჯერ მიეცა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის და 2010 წლის 8 ივნისიდან დღემდე ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (მხარის შუამდგომლობას უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი _ საქმის წარმოების შეწყვეტა ან უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც ე. ი-ანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებაში მითითებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მისი შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ი-ანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა ქ.თელ-ავივის საქალაქო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 20 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.