საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №388აპ-20 თბილისი
ა-ი ზ-ბ, 388აპ-20 24 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა-ის ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ზ. ა-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუქნტითა და 273-ე მუხლით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუქნტით ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ა-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ა-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
ü ზ. ა-მა ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ბ-ის რაიონში ფ. ა-ს გამოსძალა: 2019 წლის 18 მარტს - 107 ლარი „ა-ის“ ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 21 მარტს - 230 ლარი „კ-ის“ ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 22 მარტს - 600 ლარი “ს-კის“ ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 22 მარტს - 105 ლარი „კ-ის“ ანგარიშზე ჩარიცხვით და 2019 წლის 23 მარტს - 190 ლარი. ჯამურად ზ. ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფ. ა-ის კუთვნილ 1232 ლარს.
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა-ი 2019 წლის 10 ივლისს თ-ის გზატკეცილის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ, ერთ ე.წ. „ბაშად“ დაფასოებულ 0,0053 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ზ. ა-მა ბ-ის რაიონის დ. კ-ში, --ე კორპუსის ბინა №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, დათესა და მოიყვანა 60,25 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „კანაფი“, რომელიც ამოიღეს მისი სახლის ჩხრეკისას 2019 წლის 10 ივლისს.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ზ. ა-ი 2019 წლის 10 ივლისს უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით - 0,0083 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ (ფუძე) და 0,0018 გრამ „კოდეინს“.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა-ის ადვოკატმა რ. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. ა-ის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა-ის ადვოკატმა რ. რ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-ის გამართლებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ზ. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუქნტით, 273-ე მუხლითა და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუქნტით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ა-ის ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე