¹ვ-1080-შ-79-09 21 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ი-ევას წარმომადგენლის - მ. ვ-ძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა. გ.-ს ასულ ი-ევას განცხადების გამო, ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ი-ევას წარმომადგენელმა მ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენა, კერძოდ, იმისა, რომ გ. მ.-ს ძე მ-იანი არის ა. გ.-ს ასულ ი-ევას მამა.
ა. ი-ევამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ დაიბადა როსტოვის ოლქის ქ. ..., 1957 წლის 15 ოქტომბერს. ქ. ...-ის მმაჩის განყოფილებაში შედგენილი 1957 წლის 15 ოქტომბრის ¹848 დაბადების სააქტო ჩანაწერში ცნობების შეტანისას, დაშვებულ იქნა შეცდომა მამის გრაფაში ნამდვილი სახელის ნაცვლად “გ.” მითითებულია “გ.კ”. განმცხადებელმა განმარტა, რომ შეცდომის მმაჩის ორგანოებში გასწორება შეუძლებელია, რადგან 1922 წლის 1 მარტს, ქ. ბათუმში დაბადებული გ.მ-იანის სააქტო ჩანაწერი ქ.ბათუმის მმაჩის განყოფილების არქივში არ მოიძებნა. ასევე შეუძლებელია მათი მშობლების 1956 წლის 15 ივლისის ქორწინების მოწმობის აღდგენა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოცემული გარემოება დასტურდება ქ. ...-ის მმაჩის ორგანოს მიერ 2009 წლის 22 იანვარს გაცემულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის ¹255 სააქტო ჩანაწერში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებით. მის (განმცხადებლის) დაბადების მოწმობაში და მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერში დაშვებული შეცდომის გასწორება აუცილებელია სამემკვიდრეო უფლებების გასაფორმებლად და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ვინაიდან გ.მ-იანი 2006 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერში შესწორებების შეტანის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად მას ესაჭიროება ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენა იმისა, რომ 1922 წლის 1 მარტს დაბადებული, გ. მ.-ს ძე მ-იანი არის ა. გ.-ს ასულ ი-ევას მამა.
რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა. ისაევას განცხადება ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ 1922 წლის 1 თებერვალს ქ.ბათუმში დაბადებული გ. მ.-ს ძე მ-იანი, არის 1957 წლის 15 სექტემბერს ქ.როსტოვის ოლქის ქ. ...ში დაბადებული ა. გ.-ს ასულ ი-ევას მამა.
რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 აპრილს.
ა. ი-ევას წარმომადგენელმა მ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ა. ი-ევას წარმომადგენლის მ. ვერულაძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება კი ხდება იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ურთიერთობასთან საქმე გვაქვს მაშინ როდესაც: ა) ასეთი ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან იურიდიული პირია; ბ) ასეთი ურთიერთობის ობიექტი არის ნივთი, რომელიც უცხოეთში იმყოფება; გ) იურიდიულ ფაქტს, რომელიც იწვევს სამოქალაქო ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას ადგილი ჰქონდა უცხოეთში.
ამრიგად, იმისათვის, რომ მოხდეს უცხო სახლმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება აუცილებელია არსებობდეს ზემოთ აღნიშნული პირობები და ამასთან ეს ურთიერთობა უნდა იყოს სამოქალაქო სამართლებრივი.
საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს ნორმებს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება განვსაზღვროთ თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია იურიდიული ფაქტი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და არ არის მითითებული იმ ნიშნებზე, რის საფუძველზეც განსახილველი საკითხი შეიძლება მივიჩნიოთ საერთაშორისო სამართლებრივად. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ნათესაური კავშირის მქონე პირთა მოქალაქეობა, გ.მ-იანის გარდაცვალების ადგილი და სხვა საკითხები, რაც გამორიცხავს საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას ამ საკითხთან მიმართებაში, ან პირიქით საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანუ არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც გამორიცხავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების არსებობას.
აღნიშნული ნორმის თანახმად საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებას თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, კომპეტენტურად არ ითვლება. სასამართლოში წარმოდგენილი გადაწყვეტილებიდან კი შეუძლებელია მსჯელობა იმაზე იყო თუ არა კომპეტენტური რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლო მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ საერთოდ გაუგებარია განეკუთვნება თუ არა მოცემული ურთიერთობა საერთაშორისო კერძო სამართლებრივს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ისაევას წარმომადგენლის მ. ვ-ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.