Facebook Twitter

ას-1045-979-2010 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ამხანაგობა ,,ლ.-ს” თავჯდომარე მ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ო., დირექტორი ნ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს ,,ო.-ს” დირექტორის ნ. მ-ძის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ამხანაგობა ,,ლ.-ს” საკუთრებაში არსებულ, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ გონიოში მდებარე არასასოფო-სამეურნეო დანიშნულების 694.00 კვ,მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ მშენებარე სახლს: ზონა – ხელვაჩაური 22, სექტორი 29, კვარტალი 07, ნაკვეთი 112, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 694,0 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი – მშენებარე, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი – 2329,19 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,ლ.-ს” თავჯდომარემ მ. ქ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ქუათაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი მიჩენეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საფოსტო გზავნილით ჩაბარდა მხარეს 2010 წლის 10 დეკემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,ლ.-ს” თავჯდომარის მ. ქ-ძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება მ. ქ-ძეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 10 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 86).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 11 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის ავტორმა მ. ქ-ძემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა ,,ლ.-ს” თავჯდომარის _ მ. ქ-ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.