ას-1067-999-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები _ ზ. გ-ძე, ზ. დ-ძე, დ. ს-ოვი, ა. გ-ძე, ბ. გ-ძე
წარმომადგენელი _ ე. პ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. ქ-უზი, ი. ჩ-ელი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-უზიმ და ი. ჩ-ელმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამარალოს ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, დ. ს-ოვის მიმართ მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფის აღკვეთისა და მისი გამონთავისუფლების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებმა 2008 წლის 8 თებერვალს შეიძინეს ი.მ-იასა და გ.კ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ.თბილისში, ... გამზირ ¹115-ში მდებარე მიწა, ფაბრიკა “ო.-ს” მიმდებარედ. მოსარჩელეები არიან თურქეთის მოქალაქეები და, როდესაც 2009 წლის ივლისში ჩამოვიდნენ საქართველოში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი არის შემოღობილი და მიმდინარეობს მშენებლობა. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები განაგრძობენ უკანონო ქმედებას.
ა. გ-ძემ, ბ. გ-ძემ, ზ. გ-ძემ, ზ. დ-ძემ და დ. ს-ოვმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს გ. ქ-უზისა და ი. ჩ-ელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების აშენებისგან თავის შეკავება მათი თანხმობის გარეშე. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ქ.თბილისის არქიტექტორული სამსახურის მიერ გაცემული პროექტის მიხედვით შემოღობეს გ. ქ-უზისა და ი. ჩ-ელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო სამუშაოებისათვის, გააჩნიათ შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის პროექტი და ნებართვა და დროებით სარგებლობენ აღნიშნული მიწის ნაკვეთით.
გ. ქ-უზისმა და ი. ჩ-ელმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეებისთვის ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე იყო ცნობილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ, მაგრამ მაინც განაგრძეს მშენებლობა. ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ წარმოდგენილი პროექტისა და საკადასტრო რუკის მიხედვით, მათ მიწის ნაკვეთს გააჩნია მისასვლელი, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ სურთ კუთვნილი მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-უზისა და ი. ჩ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძისა და დ. ს-ოვის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. გ-ძეს, ბ. გ-ძეს, ზ. გ-ძეს, ზ. დ-ძესა და დ. ს-ოვს აღეკვეთათ ქ.თბილისში, ... გამზირ ¹115-ში ფაბრიკა “ო.-ს” მიმდებარედ არსებულ გ. ქ-უზისა და ი. ჩ-ელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონო ხელშეშლა და ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძისა და დ. ს-ოვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა გ. ქ-უზისა და ი. ჩ-ელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამონთავისუფლებული გადაეცათ მესაკუთრეებს - გ. ქ-უზსა და ი. ჩ-ელს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-ძემ, ბ. გ-ძემ, ზ. გ-ძემ, ზ. დ-ძემ და დ. ს-ოვმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების სარჩელი და დაკმაყოფილდება მათი შეგებებული სარჩელი, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით, მოითხოვეს მოპასუხეებს - გ. ქ-უზსა და ი. ჩ-ელს აეკრძალოთ ნებისმიერი სახის კინსტრუქციის (შენობა-ნაგებობის, მათ შორის ღობის) მშენებლობა მათ საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ... გამზირ ¹115-ში მდებარე, ფაბრიკა “ო.-ს” მიმდებარე მიწის ნაკვეთზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. გ-ძეს, ბ. გ-ძეს, ზ. გ-ძეს, ზ. დ-ძეს და დ. ს-ოვს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილელობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. განმცხადებლები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვენ მოპასუხეებისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას. ამასთან, ისინი არ მიუთითებენ იმ გარემოებებზე, თუ რატომ გაძნელდება ან რატომ გახდება შეუძლებელი მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძისა და დ. ს-ოვის წარმომადგენელმა ე. პ-ძემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განხილულ უნდა ყოფილიყო თვით სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან ერთობლივ კონტექსტში, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოპასუხეები არა მარტო ხელს უშლიან მოსარჩელეებს მათი საკუთრებით სარგებლობაში, არამედ ისე იქცევიან, რის შედეგად აზრი აღარ ექნება მოსარჩელეთა მხრიდან დავას, ვინაიდან ვერ აღსრულდება სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილება. მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები აპირებენ მათ მიწის ნაკვეთს, შეამოავლონ მაღალი ღობე და ჩადგან სხვა კონსტრუქციები, რომლებისთვისაც შესაძლებელია ნებართვა არ იქნეს საჭირო; ასეთ შემთხვევში, მათი მხრიდან აღნიშნული მოქმედების განხორციელება გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძისა და დ. ს-ოვის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ძის, ბ. გ-ძის, ზ. გ-ძის, ზ. დ-ძისა და დ. ს-ოვის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და თვლის, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. გ-ძეს, ბ. გ-ძეს, ზ. გ-ძეს, ზ. დ-ძესა და დ. ს-ოვს მართებულად ეთქვათ უარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აცილება. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის _ გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სწორად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ. იმ ფაქტობრივ გარემობებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ გაძნელდება ან რატომ გახდება შეუძლებელი მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-ფაქტობრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. გ-ძის, ზ. დ-ძის, დ. ს-ოვის, ა. გ-ძისა და ბ. გ-ძის წარმომადგენელ ე. პ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.