Facebook Twitter

ას-1068-1000-10 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ი. ს-ძე

წარმომადგენელი _ მ.ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, სააგარაკე სახლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. კ-იას, ნოტარიუს ც.ბ-ძისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბორჯომის რაიონის სახელმწიფო რეგისტრატურის მიმართ საჯარო რეესტრის უკანონო ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაბა ბაკურიანში, ... ქ.¹29-ში მდებარე ნ.კ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამოთხოვილ იქნა ი.ს-ძის უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეს დაევალა უძრავი ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, დანარჩენ ნაწილში ნ.კ-იას სარჩელი და ი.ს-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. კ-იას საკასაციო საჩივრის საფუძველზე ზემოხსენებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

2010 წლის 17 ივნისს ნ. კ-იამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ი. ს-ძის სახელზე რიცხული დაბა ბაკურიანში, ... ქ.¹39-ში მდებარე მიწის ნაკვეთის დაყადაღება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ი.ს-ძე გაასხვისებს სადავო ნივთს და გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. კ-იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაბა ბაკურიანში, ... ქ.¹39-ში მდებარე ი. ს-ძის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას ი.ს-ძის მიერ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ს-ძის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ განმცხადებელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე ი.ს-ძე უფლებამოსილი იყო, დაუბრკოლებლად გაესხვისებინა სადავო ქონება, რაც მას არ განუხორციელებია.

სააპელაციო პალატამ უგულებელყო კერძო საჩივრის ავტორის ინტერესები, რადგან სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადებით ი.ს-ძეს მოესპო აღნიშნულ უძრავ ნივთზე განლაგებული სახლის გაქირავების შესაძლებლობა და მიადგა სულ მცირე 3000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის _ მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის _ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ნ. კ-იას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი. ს-ძის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების აუცილებლობა მხარეს სათანადოდ არ დაუსაბუთებია და მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, ვინაიდან ი.ს-ძის მიერ სადავო უძრავი ნივთის გასხვისება ნ.კ-იას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტურად ხელს შეუშლის მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

კერძო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ი.ს-ძეს შეეზღუდა სადავო ნაკვეთზე არსებული სახლის გასხვისებასთან ერთად მისი გაქირავების შესაძლებლობაც, რითაც მას გარკვეული ზიანი ადგება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ი.ს-ძე უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში მოითხოვოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ს-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.