Facebook Twitter

¹ას-1275-1543-09 11 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ა-აიას განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და ი. ა-აიების სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ი. ა-აიებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1997 წლის 4 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.

2009 წლის 30 ნოემბერს თ. ა-აიამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ა-აიას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა 1997 წლის 4 თებერვალს, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განცხადებით თ. ა-აიამ სასამართლოს მიმართა 2009 წლის 30 ნოემბერს, ე.ი. 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ა-აიას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-აიას განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;