Facebook Twitter

ას-1376-1213-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. პ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ოვა, შპს “... არბიტრაჟი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 ოქტომბერს ი. კ-ოვას წარმომადგენელმა თ. შ-შვილმა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა შპს “... არბიტრაჟს” და მოითხოვა 2009 წლის 27 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ნ. პ-ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების პრეტენდენტის _ ი. კ-ოვასათვის საკუთრებაში გადაცემა ვალის სანაცვლოდ. შპს “... არბიტრაჟის” 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება იმ პირობით, რომ, თუ ნ. პ-ძე დათქმულ ვადაში არ გადაიხდიდა თანხას, მოთხოვნილი იქნებოდა სააღსრულებო ფურცელი და ქ. თბილისში, ... ქ. ¹42-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ¹...) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა იპოთეკარ _ ი. კ-ოვას სახელზე.

2010 წლის 8 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. პ-ძემ (წარმომადგენელი ხ. ზ-ძე) და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ი. კ-ოვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹42-ში მდებარე, 112,31 კვ.მ ფართის უძრავ ქონებაზე, (მიწის საკადასტრო კოდი ¹...) ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ შპს “... არბიტრაჟის” თავმჯდომარე გ. რ-შვილმა საარბიტრაჟოO პრეტენზია მხარეთა შორის კონკრეტული არბიტრაჟის თაობაზე, საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის პირობებში მიიღო. 2009 წლის 19 ოქტომბერს მორიგების დამტკიცების შემდეგ, ი. კ-ოვას (პრეტენდენტი) ნდობით აღჭურვილმა პირებმა ლ. ა-ძისაგან არაერთხელ მიიღეს ბინის გამოსასყიდი თანხები, სულ 52000 აშშ დოლარი ხელწერილებით, ხოლო 4000 აშშ დოლარი ხელწერილის გარეშე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მან საჯარო რეესტრის ამონაწერით შეიტყო, რომ ი. კ-ოვას თავის სახელზე, საკუთრების უფლებით, გადაფაუფორმებია ფაქტობრივად გამოსყიდული ბინა და მითითებული ბინიდან განმცხადებლის გამოსახლებასა და მის გაყიდვას. ვინაიდან ნ. პ-ძე აპირებდა სარჩელის აღძვრას საარბიტრაჟოO გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოუყენლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტიელბის აღსრულებას, განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. პ-ძის (წარმომადგენელი ხ. ზ-ძე) განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა ნ. პ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. პ-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. პ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 29 ივნისის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა ცალკე XIV3 თავი _ “არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი”, რომლის 356.12 მუხლით დადგინდა, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 19 ივნისის კანონის 42 მუხლის დანაწესი საპროცესო სამართლის ნორმას წარმოადგენს და, შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოქმედების პრინციპი. მითითებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟოO გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დასაშვებობის შესახებ განხილვისა და გადაწყვეტილების პროცედურები განსაზღვრულია “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, რომლითაც არ არის გათვალისწინებული საჩივრის წინასწარი უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების გზით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საჩივრის უზრუნველყოფის სპეციალურ დანაწესს, რომლის მიხედვით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობისა და საპასუხო უზრუნველყოფის პირობებში, შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება არაუმეტეს 30 დღით. (“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი), იგივე დანაწესს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის ნაწილიც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს ნ. პ-ძის განცხადების დაუსაბუთებლობას, რის გამოც მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. პ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.