Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1254-829(კ-05) 1 მარტი, 2006წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 25 აგვისტოს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ბ-მა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანების არაკანონიერად აღიარება და ბათილად ცნობა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში;

ბ. მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვები პუნქტი «....» ინსპექტორის თანამდებობაზე;

გ. სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის, ასევე მიმდინარე და წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვები პუნქტი «....» ინსპექტორად. ჰქონდა საბაჟო სისტემაში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაციას მის მიმართ არასოდეს გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, პირიქით, რამდენჯერმე წახალისებულ იქნა, როგორც სანიმუშო თანამშრომელი. მის კმაყოფაზე იყო მრავალსულიანი ოჯახი _ მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ასევე‚ პენსიონერი დედა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. აგვისტოს ¹465-კმ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტის, 108-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. მართალია, საბაჟო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, მაგრამ აღნიშნულ რეორგანიზაციას თან არ სდევდა შტატების შემცირება. ამასთან, შტატების შემცირებას კიდეც რომ ჰქონოდა ადგილი, მას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად ენიჭებოდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. მოპასუხეს კი არც სამსახურში მისი უპირატესი დარჩენის საკითხი გაურკვევია და არც რაიმე თანამდებობა შეუთავაზებია, ისე გაათავისუფლა სამსახურიდან. რეორგანიზაციის შედეგად საბაჟო «....» კვლავ განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულად, ახლადდამტკიცებულ საშტატო ნუსხაში კვლავინდებურად შენარჩუნდა საბაჟო გამშვები პუნქტი «....», სადაც არ მომხდარა საშტატო ერთეულების, მათ შორის, ინსპექტორის საშტატო ერთეულის შემცირება, რაზედაც იგი მუშაობდა. მოპასუხემ გათავისუფლებული მუშაკების ნაცვლად სამსახურში მიიღო ახალი თანამშრომლები. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე მუხლების საფუძველზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოსაზრებით:

საბაჟო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების თანახმად, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებულ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «.....» საშტატო ნუსხის თანახმად, საბაჟო გამშვები პუნქტი «.......» საშტატო რიცხოვნება შემცირდა ორი საშტატო ერთეულით. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე, მათ შორის, მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის დროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისა და თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 108-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხებოდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანებას, აღნიშნულის არსებობას მოპასუხე ადასტურებდა, მაგრამ მიუთითებდა, რომ დავალიანება გასტუმრებულ იქნებოდა მაშინ, როდესაც მიიღებდნენ ბიუჯეტიდან სათანადო დაფინანსებას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლო იყო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რ. ბ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვები პუნქტი «.....» ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის იძულებითი განაცდურის გადახდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების ანუ სამუშაოზე აღდგენის დღემდე; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა სახელფასო დავალიანება 1416,53 ლარის ოდენობით; გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში აღსრულდა დაუყოვნებლივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 29 აგვისტოს ¹269 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის, რეგიონალური საბაჟო «.....», რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საბაჟო გამშვები პუნქტი «....». საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «....» რეორგანიზაციამდე მუშაობდა 271 თანამშრომელი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 334 თანამშრომლით. რეორგანიზაციამდე საბაჟო გამშვები პუნქტი «....» საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 32 საშტატო ერთეულით. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების თანახმად, რეგიონალური საბაჟო «.....» კვლავ საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოდ შენარჩუნდა, რომლის შემადგენლობაში ასევე უცვლელად დარჩა საბაჟო გამშვები პუნქტი «წითელი ხიდი», რომლის რიცხოვნობა საქართველოს ფინანსთა მინისტროს 2004წ. 8 ივლისის ¹469-ე ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით. მართალია, საბაჟო გამშვები პუნქტი «....» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 2 საშტატო ერთეულით, მაგრამ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობებიდან ირკვეოდა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტ «წითელ ხიდზე» მიღებული იყო 10 ახალი თანამშრომელი, რომელთაც გამშვებ პუნქტ «....» არ უმუშავიათ. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან მოსარჩელეს უნდა მინიჭებოდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, შტატების შემცირების გამო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხემ არ დაიცვა შრომის კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი პროცედურა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი საშტატო ნუსხების შედარებით ირკვეოდა, რომ რეგიონალურ საბაჟო «....» საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, რის გამოც მოსარჩელე არასწორად გათავისუფლდა შტატების შემცირების მოტივით. ამასთან, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ასევე დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა და არ გაურკვევია, სურდა თუ არა სხვა თანამდებობაზე დასაქმება. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო არსებითი დარღვევებით, რის გამოც მოსარჩელე ექვემდებარებოდა სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 მაწილის საფუძველზე. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე სახელფასო დავალიანება 1416,53 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივებით:

საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა თანამდებობათა შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე, მათ შორის, მოსარჩელე, გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის დროს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისა და თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული გაფრთხილების ხელწერილის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოჩამოთვლილი არც ერთი არგუმენტი და საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვები პუნქტი «....» ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოსარჩელე რ. ბ-ი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებია. საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვებ პუნქტ «....» რეორგანიზაციამდე იყო 32 საშტატო ერთეული, მათ შორის, ინსპექტორის 18 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეული, მათ შორის, ინსპექტორის 16 საშტატო ერთეული. საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 20 სექტემბრის ¹02-15/16795 წერილით დასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ საბაჟო გამშვებ პუნქტ «....» დაინიშნა 10 ახალი თანამშრომელი, რომელთაც რეორგანიზაციამდე საბაჟო სისტემაში არ უმუშავიათ და 2 ახალი თანამშრომელი, რომელთაც რეორგანიზაციამდე «....» არ უმუშავიათ. საბაჟო დეპარტამენტს გააჩნდა რ. ბ-ის 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება 1416,13 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, რ. ბ-ი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მანამდე, ვიდრე არ შესთავაზებდა სხვა თანამდებობას, ხოლო ეს უკანასკნელი უარს არ განაცხადებდა ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროს იქონია მსჯელობა სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან 2004წ. 16 ნოემბრის ¹11-5789 ცნობის გაცემით მოპასუხემ აღიარა რ. ბ-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-9 მუხლისა და 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს შემცირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-9, 37-ე, 112-ე, 127-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები და მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ დარღვეული იყო აღნიშნული ნორმის მოთხოვნები. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცდა რეგიონალური საბაჟო «.....» ახალი საშტატო ნუსხა. საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა თანამდებობათა შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე, მათ შორის, მოსარჩელე, გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის დროს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისა და თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული გაფრთხილების ხელწერილის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოჩამოთვლილი არც ერთი არგუმენტი და საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

რაც შეეხებოდა იძულებითი განაცდური ხელფასისა და სახელფასო დავალიანების გაცემას, კასატორი მიუთითებდა, რომ აღნიშნულს საბაჟო დეპარტამენტი ვერ დააკმაყოფილებდა იმის გამო, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. «საქართველოს 2004წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-15 მუხლი მიუთითებდა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა უნდა განსაზღვრულიყო 42 000 ლარის ოდენობით შესაბამისი დანართის თანახმად, აღნიშნული დანართი გააჩნდა ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისად, მასვე უნდა გაეცა დავალიანებაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანების კანონდარღვევით გამოცემის თაობაზე, კერძოდ, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ბ-ი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 2 აგვისტოს ¹465-კს ბრძანებით გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო «....» საბაჟო გამშვები პუნქტი «....» ინსპექტორის თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, ამასთან, ამ მუხლის განმარტება და გამოყენება დაუშვებელია იმგვარად, რომ საჯარო მოხელე შტატების შემცირების შემთხვევაში უპირობოდ, ავტომატურად უნდა დაექვემდებაროს სამუშაოდან გათავისუფლებას. აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენება მოხელის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

საჯაროსამართლებრივი ნორმების მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სტაბილური საჯარო წესრიგის დამკვიდრება და ხელშეწყობაა, მათ შორის, საჯარო-შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. კანონმდებლის მიერ საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის «თ» პუნქტის თანახმად, აღიარებულია საჯარო მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის პრინციპი, ვინაიდან სახელმწიფო აპარატი ეფექტურად ფუნქციონირებს მხოლოდ სტაბილური და პროფესიული საჯარო სამსახურის პირობებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს დაწესებულების შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის მინიჭებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირების შემთხვევაში დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთანავე, თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოსაცემად უნდა მომზადდეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ საბაჟო დეპარტამენტს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ განუხილავს მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებასთან ერთად საბაჟო გამშვებ პუნქტ «....» მიიღო 10 ახალი თანამშრომელი, რომელთაც რეორგანიზაციამდე საბაჟო სისტემაში არ უმუშავიათ და 2 ახალი თანამშრომელი, რომელთაც რეორგანიზაციამდე «....» არ უმუშავიათ, მაშინ როდესაც რეორგანიზაციის შედეგად საბაჟო გამშვებ პუნქტ «.....» თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა მხოლოდ 2 საშტატო ერთეულით შემცირდა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ აღნიშნულ გარემოებებს და ვერც იმას ასაბუთებს, რომ მოსარჩელისათვის სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა მას, რეალურად, არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი დაწესებულებას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მოხელის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების შემთხვევაში, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ მოხელეთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე, პირველ რიგში, დაესაქმებინა საბაჟო სისტემაში რეორგანიზაციამდე დასაქმებული მოხელეები, ხოლო თუკი მას, რეალურად, გააჩნდა შესაბამისი ვაკანტური საშტატო ერთეულები, დაუშვებელი იყო შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბაჟო დეპარტამენტს არ დაუცავს მოსარჩელეთა სამუშაოზე გათავისუფლების აუცილებელი პროცედურა, რომლის დაცვის შემთხვევაში არ მოხდებოდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სახელფასო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს გააჩნდა რ. ბ-ის მიმართ 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება 1416,13 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას მითითებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად ფინანსთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საბაჟო დეპარტამანტთან, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს აღნიშნული საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება უშუალოდ საბაჟო დეპარტანენტი და არა ფინანსთა სამინისტრო, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 53-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინება;

3. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.