¹ას-14-13-2010 1 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ქ. შ-ია, ლ. კ-აკი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ წარმომადგენლად დაშვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ც-ძემ და ლ. ჩ-ძემ მოპასუხეების _ ლ. კ-აკისა და ქ. შ-იას მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებისათვის მათ სასარგებლოდ თანხების დაკისრება, კერძოდ, ლ. კ-აკისაგან 153 000 აშშ დოლარის, ხოლო ქ. შ-იასაგან _ 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, მოპასუხეებს ზემოთ დასახელებული თანხები მიღებული ჰქონდათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ისინი ექვემდებარებოდა დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 1-11)).
მას შემდგომ, რაც საქალაქო სასამართლოში მოსარჩელეებმა წარადგინეს 2008 წლის 2 ივლისის ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის თანახმადაც ქ. ც-ძემ 95 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება ლ. კ-აკის მიმართ დაუთმო მეორე მოსარჩელე ლ. ჩ-ძეს, სასამართლომ წარმოებაში მიიღო ლ. ჩ-ძის, როგორც ქ. ც-ძის უფლებამონაცვლის სარჩელი მოპასუხეების ლ. კ-აკისა და ქ. შ-იას მიმართ (ტომი I, ს.ფ. 198-200, 216-218).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელში მითითებული თანხები მიღებული ჰქონდათ არა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამედ ამხანაგობა “--- 92-ის” მომავალ წევრებთან მიღწეული ზეპირი და წერილობითი გარიგებების საფუძველზე და კონკრეტული მიზნით, მათ შორის, სხვადასხვა ხარჯების საკომპენსაციოდ, ახლად აშენებულ ბინებში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა თანხები მიიღეს საფუძვლიანად და უსაფუძვლო გამდიდრებას ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხის მიღებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებს არ ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 86-92).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი III, ს.ფ. 17-25).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომვრის განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა, რის შესახებაც მხარეებს გაეგზავნათ შესაბამისი უწყებები (ტომი III, ს.ფ. 72-73, 129-130).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა ლ. კ-აკმა, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოდიოდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარედ, განაცხადა, რომ იგი წარმოადგენდა მეუღლის _ ქ. შ-იას ინტერესებს. ეს უკანასკნელი, რომელიც საქმეში მონაწილეობდა ასევე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა მითითებულ სხდომაზე. ამ საქმეში ლ. კ-აკი და ქ. შ-ია არიან თანამონაწილეები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით ლ. კ-აკი არ იქნა დაშვებული მისი მეუღლის _ ქ. კ-აკის წარმომადგენლად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-აკი არ იყო ადვოკატი. აქვე, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში (ტომი III, ს.ფ. 151-153).
წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. კ-აკმა და ქ. შ-იამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო თანამონაწილეობის საფუძველზე ქ. კ-აკის წარმომადგენლად ლ. შ-იას დაშვება.
კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით თანამონაწილეობის საფუძვლებია: ა. საერთო უფლება სარჩელის საგანზე; ბ. მოთხოვნის ერთი საფუძველი; გ. ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნა. ამავე კოდექსის 87-ე და 94-ე მუხლებით მხარის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. კ-აკი და ქ. შ-ია არიან თანამოპასუხეები, რამდენადაც სადავო თანხაზე მათ გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ერთია სარჩელის საფუძველი _ უსაფუძვლო გამდიდრება და ერთგვაროვანია სარჩელის მოთხოვნა _ თანხის დაკისრება. საგულისხმოა ისიც, რომ საქალაქო სასამართლომ ლ. კ-აკი და ქ. შ-ია, როგორც მეუღლეები და თანხის თანამესაკუთრეები, მიიჩნია თანამონაწილეებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლით შეუზღუდავად არის დაშვებული, რომ მხარეთა წარმომადგენელი იყოს ერთ-ერთი თანამონაწილე სხვა თანამონაწილეთა დავალებით. ამ მუხლით შეზღუდვა შეეხება სხვა ქმედუნარიან პირებს და არა თანამონაწილეებს. დასახელებული კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (ტომი III, ს.ფ. 158).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ლ. კ-აკის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უარი ლ. კ-აკის წარმომადგენლად დაშვებაზე ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ იგი, როგორც თანამონაწილე სუბიექტი, მეორე თანამონაწილის (ქ. შ-ია) ნების არსებობის პირობებში, უფლებამოსილი იყო სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა ქ. შ-იას ინტერესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლი შეიცავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ წარმომადგენლებად სასამართლოში. აღნიშნულ ჩამონათვალში დასახელებულია ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით. მოცემულ მუხლში საუბარია იმ საგამონაკლისო შემთხვევებზე, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად არ არის აუცილებელი, რომ პირი იყოს ადვოკატი. შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხეებთან მიმართებით სახეზეა თუ არა თანამონაწილეობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლი განსაზღვრავს თანამონაწილეობის წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული საპროცესო ნორმის მიხედვით, თანამონაწილეობა გვაქვს მაშინ: ა. როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ. სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ. სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
საქმის მასალების თანახმად, ლ. ჩ-ძის სარჩელის მოთხოვნა მიმართულია მოპასუხეების _ ლ. კ-აკისა და ქ. შ-იას მიმართ და მდგომარეობს დასახელებული პირებისათვის მის სასარგებლოდ თანხების დაკისრებაში. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია ის გარემოება, რომ ლ. კ-აკს ამხანაგობის შექმნამდე კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით გადაერიცხა განსაზღვრული ოდენობის თანხები, ერთ შემთხვევაში მისთვის განკუთვნილი თანხა გადაირიცხა მისივე მეუღლის _ ქ. შ-იას სახელზე. მიუხედავად ამისა, მხარეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია (ტომი I, ს.ფ. 1-11, 216-218, ტომი II, ს.ფ. 63-66). პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო თანხები, რომლებიც ამხანაგობის შექმნამდე მოპასუხეებს, მათ შორის, ქ. შ-იას გადაეცა, განკუთვნილი იყო ლ. კ-აკისათვის კონკრეტული მიზნით, სხვადასხვა ხარჯების საკომპენსაციოდ, ასევე ახლად აშენებულ ბინებში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად (ტომი II, ს.ფ. 86-92). ს.ფ. 17-ზე (ტომი II) წარმოდგენილია რწმუნებულება, რომლითაც ქ. შ-ია უფლებას ანიჭებს ლ. კ-აკს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცვას მისი ინტერესები.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ლ. კ-აკი და ქ. შ-ია წარმოადგენენ თანამონაწილე პირებს, რამდენადაც როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავოა მათთვის საერთო მიზნებით გადაცემული თანხის დაბრუნება. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე ერთ-ერთი თანამონაწილის _ ლ. კ-აკის მეორე თანამონაწილის _ ქ. შ-იას წარმომადგენლად დაშვების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ქ. შ-იას წარმომადგენლად ლ. კ-აკის დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელახლა უნდა უნდა გადაწყვიტოს წარმომადგენლად ლ. კ-აკის დაშვების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.