¹ას-148-141-2010 1 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს “რ.”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ჯ. ი.”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ჯ. ი.” სარჩელი მოპასუხე შპს “რასეს” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “რ.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასწორი კომპიუტერის და კომპრესორის ღირებულების _ 35 300 აშშ დოლარის, ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების _ 1 900 აშშ დოლარისა და თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის სახით 998.4 აშშ დოლარის, მთლიანობაში _ 38 198.4 აშშ დოლარის გადახდა; ამავე განჩინებით მოპასუხეს შპს “ჯ. ი.” სასარგებლოდ დაევალა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 900 ლარის ანაზღაურება; მოპასუხესვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 145.95 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შპს “ჯ. ი.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი V, ს.ფ. 57-62).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, აპელანტმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისისა და 30 ივლისის განჩინებების გაუქმება, რომლებითაც პირველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულების (სელმან იაკობაძის ხელწერილი გადასახდელი თანხის აღიარების თაობაზე) საქმეზე დართვის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა სიიდან მოპასუხის შესაგებელზე თანდართული, არასახელმწიფო ენაზე შესრულებული საბუთის ამორიცხვის თაობაზე, ასევე დაკმაყოფილდა (ტომი V, ს.ფ. 66-80).
2009 წლის 8 ოქტომბერს შპს “ჯ. ი.” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება წარადგინა, რომლითაც მოითხოვა შპს “რასეს” სახელზე რეგისტრირებულ მოძრავ ქონებაზე, კერძოდ, სატვირთო ავტომანქანა “მერსედეს-ბენც აქტროსზე” (გამოშვების თარიღი 1998 წელი, სახელმწიფო ¹ჩAG-119) ყადაღის დადება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მისი გასხვისების აკრძალვა, აგრეთვე, სს “ს. ბ.” და სს “თ.” ბათუმის ფილიალებში შპს “რასეს” საბანკო ანგარიშებზე (ანგარიშის ¹1460026000, ¹3602248) ყადაღის დადება (ტომი V, ს.ფ. 95-97).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს “ჯ. ი.” (წარმომადგენელი თ. მ-ძე) განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს “რ.” კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას. იმავდროულად დადგინდა ამ განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება, რა მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის ცნობით დგინდებოდა, რომ შპს “რ.” 2009 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნდა ბიუჯეტის დავალიანება 33 658 ლარი. საქმის მასალების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული ავტომანქანა წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ეფუძნებოდა სარწმუნო გარემოებებს მოპასუხის მიერ მოძრავი ქონების შესაძლო გასხვისების თაობაზე. სასამართლოს ჩამოუყალიბდა ვარაუდი, რომ მოპასუხეს სახელმწიფოსთან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით შესაძლო იყო გაესხვისებინა მოძრავი ქონება. დასახელებულმა ფაქტობრივმა გარემოებამ სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის მითითებული ღონისძიებების მიღების საჭიროებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გართულდებოდა.
განმცხადებლის მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შპს “რ.” ანგარიშებზე ყადაღის დადებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ გაძნელდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება ფულად ანგარიშებზე ყადაღის არარსებობის შემთხვევაში. მხოლოდ მხარის ვარაუდი არ იყო საკმარისი ქონების დაყადაღებისათვის. საბანკო ანგარიშსწორების დაყადაღებით, ფაქტობრივად, საწარმოს მოესპობოდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა საბანკო ანგარიშსწორებები, ნედლეულის შესაძენად გადაერიცხა თანხა, საწარმოში დასაქმებული პირებისათვის გადაეხადა ხელფასი ან გადაეხადა სხვა გადასახადი.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ შპს “რ.” გაანულა თავისი ანგარიშები, გაკოტრდა, მალავდა თავის სახსრებს სხვა ანგარიშებზე გადატანით ან ყიდდა უძრავ ქონებას (ტომი V, ს.ფ. 109-113).
აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა აგრეთვე შპს “ჯ. ი.” (წარმომადგენელი თ. მ-ძე), რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც განმცხადებელს შპს “რ.” საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე უარი ეთქვა. იმავდროულად, საჩივრის ავტორმა მოითხოვა სს “ს. ბანკისა”და სს “პ.” ბათუმის ფილიალებში მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე (¹1460026000, ¹3602248) ყადაღის დადება.
საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინების მიღებისთანავე მოპასუხემ გაასხვისა მესამე პირზე მოძრავი ქონება (ავტომანქანა), რომელსაც ყადაღა უნდა დადებოდა. ამასთან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა ყადაღის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ქონება უკვე გასხვისებული იყო მესამე პირზე. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა გამოუყენებელი. შესაბამისად, შესაძლო იყო სარჩელსაც დაეკარგა იურიდიული ინტერესი, რაც მოსარჩელის უფლებების აშკარა შელახვად ჩაითვლებოდა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხემ განახორციელა გარკვეული საბანკო ოპერაციები, კერძოდ, 23 000 ლარის საბანკო ანგარიშიდან გატანა. შპს “რ.” მიერ მითითებული საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელი იყო საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო (ტომი V, ს.ფ. 150-153).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ. ი.” საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “ჯ. ი.” უარი ეთქვა მოპასუხე შპს “რ.” კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, შპს “ჯ. ი.” განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს “რ.” კუთვნილ საბანკო ანგარიშებს _ სს “ს. ბ.” ბათუმის ფილიალში (ანგარიშის ¹146002600) და სს “პ. ბ.” ბათუმის ფილიალში (ანგარიშის ¹3602248), დადგინდა აღნიშნული განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება, რა მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობას შეეძლო გამოეწვია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა (ტომი V, ს.ფ. 160-166).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს “რ.” (წარმომადგენელი რ. ც-ე), რომელმაც მოითხოვა შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, შპს “რ.” გააჩნია ბიუჯეტის დავალიანება 33 658 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ამ თანხას ყოველ გადაცილებულ დღეზე ერიცხება 0.07%. თუკი საზოგადოებამ ვერ მოახერხა თანხების სხვა წყაროებიდან მოძიება, დავალიანების დასაფარად აუცილებელი გახდება საზოგადოების ქონების რეალიზაცია. ქონების რეალიზაციის შემთხვევაში საბანკო ანგარიშებზე ყადაღის არსებობა გამოიწვევს ანგარიშზე მოხვედრის შემდგომ თანხის უმოძრაოდ დატოვებას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საზოგადოების გაკოტრებას (ტომი V, ს.ფ. 181-182).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს “რ.” საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასაბუთებული იყო მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების _ შპს “რ.” ფულად სახსრებზე ყადაღის დადების _ გამოუყენებლობას შეეძლო გამოეწვია შემდგომში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინება იყო დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ტომი V, ს.ფ. 234-239).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუკი მისი არარსებობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მითითებული ნორმა გულისხმობს, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გააზრებულად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
საქმის მასალების თანახმად, შპს “ჯ. ი.” სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შპს “რ.” თანხების დაკისრება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “რ.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასწორი კომპიუტერისა და კომპრესორის ღირებულების _ 35 300 აშშ დოლარის, ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების _ 1 900 აშშ დოლარის, აგრეთვე, თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის სახით 998.4 აშშ დოლარის, მთლიანობაში _ 38 198.4 აშშ დოლარის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში შპს “ჯ. ი.” მოთხოვნა, რომელსაც წარმოადგენს სს “ს. ბ.” და სს “პ.” ბათუმის ფილიალებში მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, მოტივირებულია იმით, რომ შპს “რ.” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებული მოძრავი ქონება, კერძოდ, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა ამ განჩინების გამოტანისთანავე გაასხვისა, აღნიშნულის გამო სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ყადაღის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა და, ფაქტობრივად, უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა გამოუყენებელი, გარდა ამისა, შპს “რ.” მხრიდან ადგილი ჰქონდა საბანკო ანგარიშიდან 23 000 ლარის ოდენობით თანხის გატანას, რაც, მოსარჩელის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას ასევე ასაბუთებს (ტომი V, ს.ფ. 150-153).
საქმეზე უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ შპს “ჯ. ი.” განცხადების განხილვის შედეგად ყადაღა დაედო შპს “რ.” კუთვნილ მოძრავ ქონებას _ სატვირთო ავტომანქანას (მერსედეს-ბენც აქტროს 1840 L.შ, სახელმწიფო ნომრით ....), იმავდროულად, დადგინდა ამ განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება, რა მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი V, ს.ფ. 109-113). ს.ფ. 135-ზე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების უფროსის 9.11.2009წ. წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ შპს “რ.” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მერსედეს-ბენც აქტროს 1840 L.შ, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....., 2009 წლის 9 ოქტომბრის ¹BV030232 ერთობლივი განცხადების საფუძველზე გადაფორმდა მალხაზ იაკობიძის სახელზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დარეგისტრირება (ტომი V, ს.ფ. 135).
მოცემულ შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადებით შპს “რ.” ეკრძალება ამ ანგარიშზე თვითონ განახორციელოს აქტიური ოპერაცია, მაგრამ ამით ხელი არ ეშლება ანგარიშზე თანხების აკუმულირებას. საქმის მასალებიდან გამომდინარე, შპს “რ.” მაინც ვერ ახორციელებს სს “პ. ბ.” არსებულ საბანკო ანგარიშზე აქტიურ ოპერაციებს, რადგან მასზე დადებულია ინკასო სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო. რაც შეეხება მეორე ანგარიშს, შპს “რ.” ვერ ადასტურებს, რომ ამ ანგარიშზე ერიცხება უფრო მეტი თანხა, ვიდრე ეს სადავო თანხის ოდენობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “რ.” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.