Facebook Twitter

ას-175-165-2011 11 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ თ. ე-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ა-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 3 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ა-ძემ მოპასუხეების: თ. ე-ძის, ა. ვ-ძისა და რ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა: ა. მოპასუხე თ. ე-ძისათვის ფორმადაუცველი ნასყიდობის გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხის, 6815 აშშ დოლარის დაკისრება; ბ. გადაცემული უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების - 5000 აშშ დოლარის მოპასუხე თ. ე-ძისათვის დაკისრება; გ. გარიგების მოშლით, გარიგების არაკანონიერად გაფორმებისას ჩადენილი დანაშაულით და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით გამოწვეული ზიანის სამივე მოპასუხისაგან სოლიდარულად ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 2-7).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ. ე-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის გარიგების საფუძველზე გადაცემული 6500 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4875.17 ლარის ოდენობით. სარჩელის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 132-138).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების გაუმჯობესებისათვის დაკისრებული თანხის, იურიდიული მომსახურების ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 145-153).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე დ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 8-16).

2010 წლის 10 მაისს დ. ა-ძემ განცხადებით მიმართ საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხე თ. ე-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება (ტომი 2, ს.ფ. 49-50, 64).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებით დ. ა-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ. ე-ძის საკუთრებაში რიცხულ, ბათუმში, - შესახვევის ¹17-ში მდებარე უძრავ ქონებას ფართით 45.50 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა ყადაღის დადებას მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რადგან იქმნებოდა მოპასუხის მხრიდან ქონების გასხვისების საშიშროება. ამდენად, განმცხადებელი უთითებდა გარემოებაზე, რომლის გამოც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიუღებლობას შეიძლებოდა გაეძნელებინა გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული იძლეოდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს (ტომი 2, ს.ფ. 66-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით დ. ა-ძისა და თ. ე-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 97-110).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დ. ა-ძისა და თ. ე-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 198-199).

2010 წლის 6 დეკემბერს თ. ე-ძემ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა. საჩივრის ავტორმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა დაედო მის კუთვნილ უძრავ ქონებას და აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა. გარდა ამისა, თ. ე-ძემ საჩივრით მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისაგან მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა 20000 ლარით. საჩივრის თანახმად, სადავო ბინა წარმოადგენდა მის საკუთრებას და ყადაღის დადებით ხელი ეშლებოდა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების თავისუფლად განკარგვაში. მას სურდა ბინის გაყიდვა და აქედან მოპოვებული თანხის ბანკში შეტანა ანაბრის სახით, საიდანაც მიიღებდა წელიწადში შეტანილი თანხის 15% სარგებელს. იგი კლიენტთან შეთანხმებული იყო ქონების 40000 აშშ დოლარად რეალიზაციაზე. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მის ქონებაზე ყადაღის დადების საჭიროება არ არსებობდა (ტომი 2, ს.ფ. 223-231).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. ე-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXII თავით დადგენილი წესით. ამ თავით დადგენილი წესით კი, კონკრეტულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებულმა ღონისძიებამ, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა გააიოლოს. შესაბამისად, ვიდრე არ აღსრულდება გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს (ტომი 2, ს.ფ. 248-251).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ე-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების აუცილებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ იმ ქონების გასხვისების საშიშროებით, რომელზეც მომავალში უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა. ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით და მართებულად მოახდინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11375,17 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დღევანდელი მდგომარეობით აღსრულებული არ არის. ასეთ ვითარებაში კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყადაღადადებული ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას და შესაბამისად, უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებით მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, კერძოდ, ხელი ეშლება საკუთრების თავისუფლად განკარგვაში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ – საკუთრების უფლებას. ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევის (შეზღუდვის) გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი უდაოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისას ამგვარი მიზნის მითითება ლეგიტიმურია. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ყადაღადადებული ქონება წარმოადგენს მოვალის ერთადერთ აქტივს, რომელზედაც შეიძლება მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ქონების მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გამართლებულია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მსჯელობას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი სასამართლომ გადაწყვიტა მისი მონაწილეობის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი გადაეწყვიტა მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, შესაბამისად, საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ, ვინაიდან საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, კერძოდ, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით, მას ადგება ზიანი, რისი მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, სწორედ მას აკისრია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1 მუხლი, მართალია, ითვალისწინებს მოპასუხის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ ამავე ნორმის შინაარსიდან გამომდინარე უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის არსებობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელიც დაასაბუთებდა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ე-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.