Facebook Twitter

ას-252-237-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ა. მ-ოვი

წარმომადგენელი _ პ.ჯ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ-ე”

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლისა და 4 მარტის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, წილის ნატურითYგამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი საქმეზე _ ა. მ-ოვის სარჩელის გამო შპს “მ-ეს” მიმართ პარტნიორთა კრების სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და წილის ნატურითYგამოყოფის შესახებ, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “მ-ეს” დირექტორ ტ. თ-ევის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, გაუქმდა ამავე პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს “მ-ეს” საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: გარდაბანში, ....... ქუჩა ¹32-ში მდებარე ორსართულიან სავაჭრო ცენტრს, გარდაბანში, ...... ქუჩა ¹31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ........... ქუჩას შორის არსებულ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, გარდაბანში, ... ქუჩა ¹94-ში განთავსებულ რუსულ სკოლასა და ¹96-ში მდებარე შენობებს შორის არსებულ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. მ-ოვის წარმომადგენელმა პ. ჯ-იამ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ შპს „მ-ეს“ დირექტორის მოთხოვნა ემყარება იმ საფუძველს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა შპს „მ-ესთან“ მიმართებაში აღარ არსებობს, ვინაიდან წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე 2008 წლის 10 აპრილს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. განმცხადებელმა პალატას დაუმალა ის ფაქტი, რომ 2008 წლის 5 სექტემბერს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი შპს „მ-ეს“ მიმართ ა. მ-ოვისათვის კომპენსაციისა და დივიდენდის სახით სოლიდურად თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამდენად, დავა იმავე მხარეებს შორის გრძელდება, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჟამად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კომპენსაციისა და დივიდენდის გადახდა. მითითებული სარჩელი შეტანილ იქნა 2008 წლის 5 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც სადავო ქონების ნატურით გამოყოფაზე დავა არ იყო დამთავრებული და სააპელაციო პალატის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განჩინება მოქმედებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარემ შეგნებულად არ მოითხოვა ახალ სარჩელთან ერთად შპს „მ-ეს“ ქონებაზე ყადაღის დადება, რადგან უკვე ყადაღადადებულ ქონებაზე ხელმეორედ ყადაღის დადება არასწორად ჩათვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ _ დივიდენდის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო კომპენსაციის ნაწილში უარი ეთქვა, რაც სამომავლოდ გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაიცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ა. მ-ოვის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „მ-ეს“ მიმართ ა. მ-ოვის მიერ საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე 2007 წლის 18 მაისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედოს შპს „მ-ეს“ საკუთრებაში არსებულ ქონებას. ამავე სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით ა. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება შპს “მ-ეს” მიმართ ა. მ-ოვის მიერ 2007 წლის 18 მაისს წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წლის 11 დეკემბერს გამოტანილი განჩინებით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების შემდეგ. ამდენად, ა. მ-ოვის სარჩელზე წარმოება დასრულდა 2008 წლის 11 დეკემბერს და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თავიდან აცილება. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი აღარ არსებობს და გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად გაუქმდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი შეიძლება იყოს სხვა სარჩელის წარდგენა, თუნდაც დავა მიმდინარეობდეს იმავე მხარეებს შორის. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თავიდან აცილებას, იგი მიიღება კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ხასიათის გათვალისწინებით და ამ მოთხოვნის ადეკვატურია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით, ერთი სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიება არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს სხვა სარჩელის უზრუნველსაყოფად, მხარეთა იდენტურობისა თუ დავის საგნის ხასიათის მსგავსების მიუხედავად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ოვის წარმომადგენელ პ. ჯ-იას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით ა. მ-ოვის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შპს “მ-ეს” კუთვნილ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და თვლის, რომ გასაჩივრებული 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. მ-ოვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად გაუქმდა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველი კონკრეტული დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მიმართულია საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შესაწყობად. მითითებულ მოსაზრებას განამტკიცებს ამავე კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, რომ გაუმართლებელია იმ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. კანონის ამ დანაწესის თანახმად, სარჩელზე უარის თქმით ისპობა მისი უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი მნიშვნელობა და დანიშნულება.

ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად და მისი მოქმედების გავრცელებას, თუნდაც იმავე მხარეებს შორის დავაზე, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ა.მ-ოვის მიერ შპს “მ-ეს” მიმართ პარტნიორთა კრების სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და წილის ნატურითYგამოყოფის შესახებ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გავრცელდეს ამავე მხარეებს შორის მიმდინარე სხვა დავაზე (ა. მ-ოვის სარჩელის გამო შპს “მ-ეს” მიმართ კომპენსაციისა და დივიდენდის ანაზღაურების თაობაზე) აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფადაც, ვინაიდან დაუშვებელია ერთ საქმეზე დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფა გავრცელდეს სხვა სარჩელის მიმართ.

ამასთან, მითითებულ გარემოებაზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის არგუმენტი, რომ ა.მ-ოვის მიერ აღძრული ახალი სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხის იმავე ქონებას, რომელიც დაყადაღებულ იქნა პირველ შემთხვევაშიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-ოვის წარმომადგენელ პ. ჯ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაიცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლისა და 4 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.