ას-259-244-10 3 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ევორდ კაპიტალი” (მოპასუხე)
დავის საგანი – ვალდებულების დარღვევით გამოწვეული თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ევორდ კაპიტალის” წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჯ-შვილის სარჩელი შპს „ევორდ კაპიტალის“ მიმართ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ევორდ კაპიტალმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ევორდ კაპიტალის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2010 წლის 28 იანვარს ნ. ჯ-შვილის წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-შვილის წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება ნ. ჯ-შვილის წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის მიერ გასაჩივრებულ იქნა საჩივრით. საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ახალი განჩინების მიღება.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შპს “ევორდ კაპიტალს” გააჩნია ბანკების დიდი რაოდენობით სესხი, რის გამოც არის საშიშროება, რომ მთელი უძრავი ქონების დაყადაღების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა მთლიანად შპს “ევორდ კაპიტალის” უძრავი ქონების დაყადაღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით ნ. ჯ-შვილის წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. ჯ-შვილის წარმომადგენელ ბ. ბ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიებები 2009 წლის 10 მარტისა და 2009 წლის 29 მაისის განჩინებებით, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ევორდ კაპიტალის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ის გარემოება, რომ აღნიშნული დაყადაღებული ქონების მხოლოდ ნაწილია იპოთეკით დაუტვირთავი, რაც სამომავლოდ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, პალატამ მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას და განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ჯ-შვილის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა უზრუნველყფოის ღონისძიებები 2009 წლის 10 მარტისა და 2009 წლის 29 მაისის განჩინებებით, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ევორდ კაპიტალის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, დაყადაღებული ქონების მხოლოდ ნაწილია იპოთეკით დაუტვირთავი და აღნიშნული სამომავლოდ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ ქონების დაყადაღება ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას და განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის A”ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღის დადება შეიძლება მხოლოდ მოპასუხის ქონებაზე, რომელიც არის მასთან ან სხვა პირთან. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას სასამართლო გამოიყენებს უზრუნველყოფის ღონისძიებას.
განსახილველი ნორმის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბურთებას, თუ უზრუნველყოფის რომელით ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია არ არსებობს შპს “ევორდ კაპიტალის” დამატებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ნ. ჯ-შვილის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჯ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.