Facebook Twitter

ას-284-269-2010 12 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური მეწარმე “მ. მ-ძე” (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლისა და 18 მარტის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურმა მეწარმე “მ. მ-ძემ” განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის წინასწარ უზრუნველყოფის მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 20 აგვისტოს შპს “დ-ის” გადაწყვეტილებით განმცხადებელს სს “ბანკი ---” სასარგებლოდ დაეკისრა 47 921 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონისა და თავად საარბიტრაჟო სასამართლოს დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მხარე გეგმავს მის გასაჩივრებას სასამართლოში. 2010 წლის 14 იანვარს მ.მ-ძეს ჩაბარდა აჭარის სააღსრულებო ბიუროს წინადადება, ნებაყოფლობით აღესრულებინა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა 2010 წლის 24 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ მოახერხა. სამომავლო სარჩელით განმცხადებელი მოითხოვს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების დროს იპოთეკის საგანი შეიძლება აუქციონზე შეიძინოს მესამე პირმა, რომლისგანაც ქონების გამოთხოვა ვეღარ მოხდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმე “მ. მ-ძის” განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ინდივიდუალურმა მეწარმე “მ. მ-ძემ” გაასაჩივრა საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა და შემოიფარგლა ზოგადი მითითებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უკანონობაზე. სასამართლოს არ უმსჯელია განმცხადებლის არგუმენტზე, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში იპოთეკის საგანი გაიყიდება აუქციონზე და სამომავლო სარჩელის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებისას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება და გასხვისებული ქონება კეთილსინდისიერი შემძენისაგან ვეღარ გამოითხოვება, შესაბამისად, სამომავლო დავას აზრი ეკარგება, ვინაიდან იპოთეკის საგნის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 9971-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმესთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელმა დაასაბუთოს თავისი პრეტენზიები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმართ. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, სასამართლოს ჩამოუყალიბდეს დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში პალატამ ჩათვალა, რომ საჩივრის ავტორს არც განცხადებაში და არც საჩივარში არ მიუთითებია, თუ რა პრეტენზიები გააჩნდა მას არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიმართ და რატომ დაირღვა არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონი ან დებულება. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მას არ ჩამოუყალიბდა სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “მ. მ-ძის” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-71 თავით გათვალისწინებულია არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებები, რომლებიც შეიცავს სპეციალურ ნორმებს ამ დავებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის უზრუნველყოფას სასამართლოში საჩივრის კანონით დადგენილი წესით შეტანის შემდეგ, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის წინასწარ უზრუნველყოფის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებზე არ ითვალისწინებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე “მ. მ-ძის” მოთხოვნა ზემოთ დასახელებული ნორმითYგათვალისწინებულ პირობას არ აკმაყოფილებს და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდივიდუალურ მეწარმე “მ. მ-ძის” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლისა და 18 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.