Facebook Twitter

ას-437-409-09 24 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ თ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის – 3400 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე და მისი შვილი წარმოადგენენ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მფლობელებს. მოპასუხემ თ. მ-ძის მიწის ნაკვეთზე არსებული ვაზი უნებართვოდ აჩეხა, მოხსნა და მიითვისა რკინის მილებისგან შემდგარი ტალავერი, ჩამოუხსნა ჭიშკარი და მოანგრია ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლის კედელი, რითიც ამ უკანასკნელს მიაყენა 3400 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება, თუმცა შეწყდა ამნისტიის გამო.

რ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მიყენებული ზიანის არსებობას.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნის ოდენობა, მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 3273 ლარისა და მიუღებელი სარგებლის _ 3000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი 3273 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო მიუღებელი სარგებლის სახით 3000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა რ. მ-შვილის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) ვადაში წარუდგენლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს დაეკისრა ზიანის _ 3273 ლარის ანაზღაურება.

2009 წლის 12 თებერვალს თ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს დაევალა 3273 ლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ მხარე გაასხვისებდა თავის ქონებას, რითაც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-ძემ შეიტანა საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით თ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით თ. მ-ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლისა და 19 მაისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. მ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო რ. მ-შვილის კუთვნილ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე (¹11 კვარტალი, ¹058 ნაკვეთი, 739 კვ.მ) საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადების ავტორის მიერ წარდგენილი უძრავი ნივთის შესახებ ამონაწერის თანახმად, ქონება, რომლის დაყადაღებასაც განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვს, მოპასუხე რ. მ-შვილის საკუთრებაა. სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედოს რ.მ-შვილის ზემოხსენებულ კუთვნილ ქონებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ.მ-ძემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა იმდაგვარად, რომ ყადაღა დაედოს რ.მ-შვილის კუთვნილ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ხევში _ 0,08 ჰა და ვერაზე _ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთებს შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა თ.მ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ყადაღა დაადო განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ არასრულ ქონებას. მხარე იმთავითვე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში ითხოვდა ყადაღის დადებას სადავო ე.წ ხევისა და ვერის ნაკვეთებზე. თ.მ-ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი მითითებულ ნაკვეთებზე გაყალბებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რ. მ-შვილის თანასაკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 739 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პალატამ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია 3 273 ლარი და მისი ღირებულების პროპორციულია, ყადაღა დაედოს ზემოხსენებულ 739 კვ.მ ნაკვეთს. რაც შეეხება 0,08 ჰა ხევისა და 0,25 ჰა ვერის ვენახების დაყადაღებას, პალატამ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა გორის რაიონის ... თემის საკრებულოს 2003 წლის 29 იანვრის ¹54 ცნობა, რომ რ.მ-შვილს სოფელ ... უკავია 0,40 ჰა მიწა სამ ნაწილად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებები დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

დასახელებული ნორმა ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და პირობებს, კერძოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად მხარემ უნდა მიუთითოს, სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს და დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, თუ მხარის მოთხოვნა ეხება სარჩელის უზრუნველყოფის სახით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, კანონმდებელი ითვალისწინებს განმცხადებლის ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით _ საჯარო რეესტრის მონაცემებით უტყუარად დაადასტუროს, რომ დასაყადაღებელი ქონება ნამდვილად მოწინააღმდეგე მხარეს ეკუთვნის.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა თ. მ-ძემ მოითხოვა რა რ. მ-შვილის უძრავ ქონებაზე _ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 739 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლზე, ასევე 0,08 ჰა ხევისა და 0,25 ჰა ვერის ვენახებზე ყადაღის დადება, უძრავი ნივთების რ.მ-შვილისადმი კუთვნილება საჯარო რეესტრის ამონაწერით დაადასტურა მხოლოდ 739 კვ.მ ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ნაწილში (მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 2007 წლის 17 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერი), ხოლო ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული ვენახები რ.მ-შვილის საკუთრება იყო, განმცხადებელმა დააფუძნა გორის რაიონის ... თემის საკრებულოს გამგებლის მიერ 2003 წლის 9 იანვარს გაცემულ ¹54 ცნობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული ცნობა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და მის საფუძველზე სადავო უძრავი ნივთის რ.მ-შვილის კუთვნილად მიჩნევა და მასზე ყადაღის დადება დაუშვებელია.

ამასთან, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაყადაღებული ქონება (რ.მ-შვილის კუთვნილი 739 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი), თ.მ-ძის მოთხოვნის ღირებულების _ 3 273 ლარის გათვალისწინებით, გონივრულ უზრუნველყოფას წარმოადგენს და მისი შეცვლის ობიექტურ საჭიროებაზე მხარეს არ მიუთითებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და კერძო საჩივრით მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მხარეს არ დაუსაბუთებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრისა და 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.