Facebook Twitter

ას-493-467-2011 18 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე,

საჩივრის ავტორი – ი. ხ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ე. ო-ი კომიტეტი (მოპასუხე)

დავის საგანი _ განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ი. ხ-შვილმა მოპასუხე საქართველოს ე. ო-ი კომიტეტის მიმართ განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ე. ო-ი კომიტეტის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულებით სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ასევე სეოკ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სამართლებრივ ფორმაში უკეთ მოქცევის მიზნით, სეოკ-ის აპარატში შეიქმნა იურიდიული სამსახური. ამავე განკარგულების მე-2 მუხლით, შექმნილი იურიდიული სამსახურის უფროსად დაინიშნა ი. ხ-შვილი. სეოკ-ის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულების თანახმად, კომიტეტსა და მოსარჩელეს შორის დაიდო 2007 წლის 10 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების ახალი პირობების გამო, სეოკ-თან დაიდო ახალი 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება. სეოკ-ის 2009 წლის 5 იანვრის ¹1 განკარგულებით, ი. ხ-შვილსა და სეოკ-ს შორის 2007 წლის 10 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება სამუშაოს მოცულობის სრულად შესრულების გამო 2009 წლის 5 იანვრიდან შეწყვეტილად გამოცხადდა. მოსარჩელეს 2009 წლის 5 იანვრისა და 15 იანვრის განკარგულებები ჩაბარდა 2009 წლის 27 მაისს. ი. ხ-შვილის განმარტებით, თუ საქართველოს ე. ო-ი კომიტეტის სახელით თ. გ-ძის მიერ დაწერილი 2009 წლის 5 იანვრისა და 15 იანვრის განკარგულებები ჩაითვლება ნამდვილად, საფუძვლიანად, სამართლიანად და იურიდიული ძალის მქონედ, სეოკ-ის ხელმძღვანელობას შეწყვეტილი აქვს 2007 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება. ამდენად, კანონიერ ძალაშია საქართველოს ე. ო-ი კომიტეტის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹51 განკარგულება იურიდიული სამსახურის შექმნის, მოსარჩელის იურიდიულ სამსახურის უფროსად დანიშვნისა და 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მუშაობდა მოსარჩელე სეოკ-ში და დღემდე ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ი. ხ-შვილი მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2010 წლის 27 ოქტომბერს 1400 საათზე, გამოცხადდნენ მოსარჩელე ი. ხ-შვილი და მოპასუხის საქართველოს ე. ო-ი კომიტეტის წარმომადგენელი ა. ქ-ძე.

მოსარჩელე ი. ხ-შვილმა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

მოპასუხე საქართველოს ო-ი კომიტეტის წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ხ-შვილის სარჩელი და ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ხ-შვილის საჩივარი, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ი. ხ-შვილმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება.

ი. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გია ნაცვლიშვილისა და რამაზ გ-ძისათვის საქართველოს ეროვნულ ო- კომიტეტში დღეისათვის მოქმედი წესდებით მინიჭებული იერარქიული უფლებამოსილების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ი. ხ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბროლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებულ დროებითი ღონისძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სარჩელის საგანია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით სარჩელის ავტორი ითხოვს კონკრეტული პირებისათვის საქართველოს ეროვნულ ო- კომიტეტში იერარქიული უფლებამოსილების შეჩერებას, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კონკრეტული პირებისათვის საქართველოს ეროვნულ ო- კომიტეტში იერარქიული უფლებამოსილების შეჩერება ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ მოცემულ სარჩელზე მისი ავტორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი აღუსრულებლობის თავიდან აცილებას.

2011 წლის 22 თებერვალს ი. ხ-შვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით ი. ხ-შვილის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა ი. ხ-შვილის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით საჩივრის ავტორმა მოითხოვა კონკრეტული პირებისათვის საქართველოს ეროვნულ ო- კომიტეტში იერარქიული უფლებამოსილების შეჩერება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კონკრეტული პირებისათვის უფლებამოსილების შეჩერება ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ მოცემულ სარჩელზე მისი ავტორისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი აღუსრულებლობის თავიდან აცილებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ამასთან, სასამართლოს არ გასჩენია დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ხ-შვილის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.