Facebook Twitter

ას-618-581-2011 29 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ზ. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრისა და 2011 წლის 15 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების ღირებულების გადახდის სანაცვლოდ მის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ და ზ. ბ-შვილების მიმართ ქ.თბილისში, ...ის ქ.¹3/5-ში მდებარე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ 85 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ჟ.გ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ და ზ. ბ-შვილებს აეკრძალათ ქ.თბილისში, ...ის ქ.¹3-5-ში მდებარე ქონების გასხვისება და იპოთეკითYდატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ზ. ბ-შვილის წარმომადგენელმა ვ.კ-შვილმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ზ.ბ-შვილის საჩივარი დაუშვებლობის გამო გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ზ.ბ-შვილის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება როგორც ზ.ბ-შვილს, ისე მის წარმომადგენელ ვ.კ-შვილს რამდენჯერმე გაეგზავნა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით არ ჩაბარდა.

სააპელაციო პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ზ.ბ-შვილისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება დაევალა შსს საუბნო სამსახურს _ უბნის ინსპექტორს, რომლის 2011 წლის 2 აპრილის აქტით დასტურდება, რომ ადრესატი ზ. ბ-შვილის საცხოვრებლად გადასულია სხვა მისამართზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე, 63-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2011 წლის 2 აპრილიდად, რა დროსაც ითვლება, რომ მხარეს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2011 წლის 7 აპრილს, თუმცა არც 11 აპრილისათვის ხარვეზი არ გამოსწორებულა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ზ. ბ-შვილის წარმომადგენელ ვ. კ-შვილის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ხარვეზის არსებობისას საკასაციო სასამართლო, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ შეამოწმა ზ.ბ-შვილის საჩივრის დასაშვებობა, საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაავალა 5 დღის ვადაში მისი გამოსწორება. აღნიშნული განჩინება არა ერთხელ უშედეგოდ გაეგზავნა როგორც თავად ზ. ბ-შვილს, ისე მის წარმომადგენელ ვ. კ-შვილს, თუმცა ზემოხსენებულ პირთათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ზ.ბ-შვილისათვის ჩაბარების მომენტად უნდა ჩაითვალოს შსს საუბნო სამსახურის _ უბნის ინსპექტორის მიერ 2011 წლის 2 აპრილს აქტის შედგენის დროს, რომლითაც დასტურდება, რომ ადრესატი ზ.ბ-შვილი სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე აღარ ცხოვრობს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი).

ამდენად, საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2011 წლის 7 აპრილის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ზ.ბ-შვილის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ბ-შვილის წარმომადგენელ ვ. კ-შვილის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.