ას-627-588-10 02 ივლისი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ი-ოვა (მოსარჩელე)
მესამე პირი _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა
დავის საგანი _ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ოვას სარჩელი შპს “ნ-ის”, მ. მ-ძისა და ჟ. მ-ძის მიმართ საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს “ნ-სა” და მ. მ-ძეს შორის, სანოტარო წესის დაცვით, 2004 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული “საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის” შესახებ ხელშეკრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ძისა და ჟ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ი-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2010 წლის 6 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ი-ოვას წარმომადგენელმა ვ. ც-ძემ და მოითხოვა მ. მ-ძის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, .. ..., კორპუსი 1, ბინა 22-ზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ნ. ი-ოვას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე მ. მ-ძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მახასიათებლებია: ზონა გარდაბანი 81, …... , ფართი 57.30 კვ.მ.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მ. მ-ძემ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმება და თავის კუთვნილ ბინაზე ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ ნ. ი-ოვას სარჩელი უსაფუძვლოა და სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ინტერესი აღარ იარსებებს და არც არაფრის უზრუნველყოფა აღარ იქნება საჭირო. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის ღონისძიების უზრუნველყოფის გამოყენებისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, დაცული უნდა იყოს მოპასუხის ინტერესიც, რაც მდგომარეობს შესაძლო ზიანის უზრუნველყოფაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. მ-ძის საჩივარი სარჩელის უზურნველყოფის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა მ. მ-ძის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, რომლის თაობაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაც არის სარჩელის მოთხოვნა. ამასთან, მოსარჩელე თვლის, რომ იგი თავად არის სადავო ბინის პრივატიზებაზე უფლებამოსილი პირი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დავის საგანი საჭიროებდა დაცვას.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ უძრავი ქონების დაყადაღებას, რომელიც წარმოადგენს მოპასუხე მ. მ-ძის საკუთრებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, საჩივრის ავტორის მითითება, რომ ნ. ი-ოვას სარჩელი უსაფუძვლოა და სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ინტერესი აღარ იარსებებს და არც არაფრის უზრუნველყოფა აღარ იქნება საჭირო, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, დაცული უნდა იყოს მოპასუხის ინტერესიც, რაც მდგომარეობს შესაძლო ზიანის უზრუნველყოფაში. აღნიშნულს, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოსარჩელისათვის მოთხოვნა ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი. მოცემულ შემთხვევაში კი, საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ვერ განსაზღვრა რომელი ფაქტები უნდა დასდებოდა საფუძვლად მის მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა ფაქტები და დაესაბუთებინა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ძის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.