Facebook Twitter

ას-634-595-2011 16 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-ი, მ. ი-ი, ო. კ-ი, ვ. ნ-ი, ა. კ-ი, თ. ყ-ი, ა. ა-ი, თ. დ-ი, ი. მ-ი, ს. კ-ის, თ. ლ-ა, ნ. გ-ი, ი. მ-ი, მ. ჩ-ი, გ. ც-ი, ა. ვ-ი, მ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «... ... ...ის” 2009 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას საარბიტრაჟო პრეტენზია მოპასუხე იბა «... .... ...” მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული იბა «... .... ...” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

თ. დ-მა, მ. ი-მა, ო. კ-მა, ვ. ნ-მა, ა. კ-მა, თ. ყ-ემ, ა. ა-მა, თ. დ-მა, ი. მ-მა, ს. კ-მა, თ. ლ-ამ, ნ. გ-ილმა, ი. მ-მა, მ. ჩ-მა, გ. ც-მა, ა. ვ-მა, მ. დ-ემ საჩივრით მიმართეს სასამართლოს შპს «... ... ...ის”, ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

2011 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა თ. დ-ის, მ. ი-ის, ო. კ-ის და სხვათა წარმომადგენელმა ალექსი გაბუნიამ, რომლითაც მოითხოვა შპს «... ... ...ის” 2009 წლის 25 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ალექსი გაბუნიას შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხ. ა-ემ. მან მიუთითა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და აღსრულების შეჩერების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მხარეს. შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟ «... .... ...ის” 2009 წლის 25 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეებს წარმოადგენენ ხ. ა-ე, ი. ჟ-ა და მოპასუხე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... .... ...”, რომლებსაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ფიზიკურმა პირებმა _ თ. დ-მა, მ. ი-მა, ო. კ-მა, ვ. ნ-მა და სხვებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეებს. ისინი არ იყვნენ უფლებამოსილი გაესაჩივრებინათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და შესაბამისად მოეთხოვათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეჩერებინა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ კი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა მაშინ, როცა განცხადება არ იყო მიღებული წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. მოცემულ შემთხვევაში, ხ. ა-ე კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმებას, რომლითაც შეჩერდა შპს «მუმივმოქმედი არბიტრაჟი ... .... ...ის” 2009 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. ა-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ა-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.