Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№447აპ-20 ქ. თბილისი

ი-ე ნ-რ, 447აპ-20 15 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ი-ეს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 11 აგვისტოს, დილით, ა-ის მუნიციპალიტეტის ე.წ. „ჭ-ის“ მთაში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მდებარე ნ. ი-ის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე, ნ. ი-ემ მეუღლეს – ჟ. ი-ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, იმის გამო, რომ მეუღლემ მასზე ჩადენილი ძალადობის შესახებ ტელეფონით აცნობა პოლიციას, ნ. ი-ემ ა-ის მუნიციპალიტეტის ე.წ. „ჭ-ის“ მთაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს – ჟ. ი-ეს თავში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ. ი-ის ძალადობის შედეგად ჟ. ი-ემ სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

· 2019 წლის 1 აგვისტოს, დილით, ა-ის მუნიციპალიტეტის ე.წ. „ჭ-ის“ მთაში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ნ. ი-ე, იმ მოტივით, რომ მეუღლემ – ჟ. ი-ემ მასზე ძალადობის შესახებ შეატყობინა პოლიციას, დაემუქრა მას მოკვლით, კერძოდ, ნაჯახით თავის მოჭრით, რის გამოც ჟ. ი-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ნ. ი-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ნ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ნ. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ი-ის მსჯავრდებისათვის ბრალდების ორივე ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ მას მეუღლეზე არ უძალადია და არც დამუქრებია. დაზარალებულმა ჟ. ჟ-ას ასულმა ი-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე ჟ. ნ-ის ასულმა ი-ემ (ბრალდებულის დედამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო სხვა მტკიცებულებები (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, აუდიოჩანაწერი CD დისკზე და სხვ.), რომლებიც არ დასტურდება რაიმე სხვა, პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებით, არის ირიბი და გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედება საფუძვლად.

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე