Facebook Twitter

ას-694-653-2011 16 მაისი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ო. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა «... 98»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «..-98-ის» მიმართ მოპასუხის მიერ უკანონოდ აშენებული კაპიტალური კედლის მოშლის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ... ქუჩის მე-2 ჩიხის ¹3-ში მდებარე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მხარეს ყველა ფანჯრის ღიობის ამოშენების მოთხოვნით.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის შედეგადაც შეჩერდა ქ.თბილისში, ... ქ¹12-14-სა და ... ქ¹24-ში ამხანაგობა «..-98-ის» მიერ წარმოებული მშენებლობის ექსპლოატაციაში მიღება და ამ შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში აღრიცხვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა «..-98-მა».

სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ამხანაგობა «..-98-მა» განცხადებით მიმართა სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილი «ბ» ქვეპუნქტით დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიებით _ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ექსპლოატაციაში მიღებული ქონების განკარგვის აკრძალვით შეცვლა. განმცხადებლის განმარტებით, არსებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანი ადგებათ სადავო სახლის მაცხოვრებლებს, ვინაიდან ისინი ვერ აღრიცხავენ კუთვნილ ბინებზე საკუთრების უფლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ამხანაგობა «..-98-ის» წარმომადგენელ გ. კ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ მშენებლობის ექსპლოატაციაში მიღებისა და შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აკრძალვა და მოპასუხე ამხანაგობა «..-98-ს» ქ.თბილისში, ... ქ¹12,14-ში, ასევე ... ქუჩა ¹24-ში აგებული შენობის ექსპლოატაციაში მიღებისა და/ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აეკრძალა მისი რეალიზაცია და სხვა რაიმე ფორმით განკარგვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუმართლებლობის შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, მოსარჩელე ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება იმას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, იგი ემსახურება მოსარჩელის ინტერესებს და წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალური ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, აღნიშნული ვარაუდი სასამართლოს წარმოექმნება სპეციალური მტკიცებულების გარეშე მხოლოდ მოსარჩელის მითითების საფუძველზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლზე და განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა დასაშვებია მხარეთა თხოვნით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სასამართლოს მითიებით, მხარის განცხადების საფუძველზე, განცხადების განმხილველი სასამართლო ყოველთვის დამოუკიდებლად წყვეტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რომელი ზომა უნდა იქნა გამოყენებული და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია სარჩელის შინაარსზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე იცავდეს მოსარჩელის ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან, გათვალისწინეულ უნდა იქნას მოპასუხის ინტერესებიც, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენებით და აღნიშნული რეგლამეტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლში.

სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოცემული დავის საგანი მოპასუხის შენობის ფანჯრის ღიობის ამოქოლვა და ნაგებობს დემონტაჟის დავალდებულებაა, მოცემულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი არ გახდება გადაწყვეტილების აღსრულება ექსპლოატაციაში შესული და რეესტრში რეგისტრირებული ქონების განკარგვის აკრძალვის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ო. ყ-შვილმა, მოითხოვა გააჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების უცლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

საჩივრის ავტორის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგანაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა წარმოდგენილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან რვა წლისა და ექვსი თვის შემდეგ და ემსახურება მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას, რადგანაც განმცხადებელს არ დაუსაბუთებია, თუ რა ზიანი ადგებათ ამხანაგობის წევრებს ან ასეთი ზიანი მანამდე რატომ არ ადგებოდათ მათ, ამ კითხვაზე სასამართლოს განჩინებით პასუხი არ გაუცია. სასამართლოს სადავო განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა მიეღო განსახილველად. აპელანტს სასამართლოსათვის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის დანაწესი, რადგანაც სასამართლოს მიერ შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ხელისშემშლელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულებისა მოცემული დავის სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხე ამხანაგობას უფლება აქვს, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების რეჟიმიდან გადავიდეს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის რეჟიმში, რა დროსაც ბინის მესაკუთრეები საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს აღრიცხავენ ინდივიდუალურ საკუთრებად და შეძლებენ კუთვნილი წილის გასხვისებას ამხანაგობისაგან დამოუკიდებლად, ასეთ შემთხვევაში დავის მონაწილე სუბიექტები შეიცვლებიან _ ამხანაგობა შეიცვლება მისი სუბიექტებით, რასაც შედეგად დავის გადაწყვეტის გაჭიანურება მოჰყვება.

ო.ყ-შვილის მითითებით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი _ ა.ხ-ი ადმინისტრაციული წესით ედავება მას რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ და სწორედ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანი ჰქონდა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლასაც.

სასამართლოს ზემოაღნიშნული საკითხის განხილვისას უნდა ასევე ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსისა და «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებებით და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოეტანა.

ო.ყ-შვილის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილების «ა» და «გ» ქვეპუნქტებს, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტს, 285-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტსა და 102-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ო. ყ-შვილის საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ო. ყ-შვილის საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხი დასასვებია საქმის განხილვის ყველა სატადიაზე. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.

კანონმდებელი ასეთ ცვლილებას დასაშვებად თვლის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია არა იმიტომ, რომ გაჭიანურდეს საქმის განხილვა, არამედ, სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.

ამდენად, უსაფუძვლოა ო. ყ-შვილის მტკიცება, რომ ამხანაგობა «..-98-ს» არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თხოვნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დღიდან რვა წლის შემდეგ, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ მხარეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დღიდან ადგებოდა ზიანი და ის ამ ზიანის აღსაკვეთად არ ახორციელებდა საკუთარი უფლების დაცვას, აღნიშნული ამხანაგობა «..-98-ის» სამოქალაქო რისკია და, როგორც უკვე აღინიშნა, მხარის დისპოზიციურ უფლებათაგან ერთ-ერთს განეკუთვნება.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ შუამდგომლობის განხილვით დაარღვია 215-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც, აღნიშნული ნორმით დადგენილია მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადების განხილვის ზოგადი წესი, ანუ საქმის განხილვის დროს მხარეთა მიერ წარდგენილი ამა თუ იმ შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესუალური გზა, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა, რომელიც რეგულირდება სპეციალური ნორმით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადაც ნათლადაა გადმოცემული, რომ მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თხოვნით შეუძლია სასამართლოს მიმართოს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მოსარჩელის ინტერესებს ემსახურება და ადგენს მყარ გარანტიას იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს მართალია მოსარჩელეს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი, ამასთან, მიუხედავად შუამდგომლობის ავტორის მითითებისა, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საჭიროა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იგი არაა შეზღუდული თავად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უფრო ეფექტური და მართებული გამოდგება ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა კი სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ო.ყ-შვილის მითითებას, რომ ამხანაგობას უფლება აქვს, «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცვალოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მესაკუთრეები უფლებამოსილი იქნებიან, გაასხვისონ ინდივიდუალური საკუთრება, ასევე, რომ საჭირო გახდება უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტა, რაც დავის განხილვას გააჭიანურებს, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის შეცვლილი ღონისძიება რეესტრში რეგისტრირებული და ექსპლოატაციაში მიღებული მშენებლობის განკარგვის აკრძალვაა, აღნიშნული თავისთავად გულისხმობს, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, უფლებამონაცვლისათვის წინამორბედის მიმართ დაწესებული ამა თუ იმ შეზღუდვის გავრცელებას უფლებამონაცვლის მიმართაც უფლებამონაცვლეობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, ხოლო, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს წარმოადგენს ამხანაგობა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, თავის განჩინებით სამომავლოდ, სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარ დაედგინა გარკვეული შეზღუდვები, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებებსაც (2011 წლის 29 აპრილის განჩინება), რომ სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი არც ერთი დავა უფლებამონაცვლეობისაგან წინასწარ დაზღვეული არ არის და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის მიუხედავად, აღნიშნული შესაძლებლია განხორციელდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თავად უფლებამონაცვლეობა კი არსებითად არ არღვევს მოსარჩეის მიერ სასამართლო წესით დაცვად უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, მან სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებებით, რის შედეგადაც სწორად გადაწყვიტა ამხანაგობა «..-98-ის» განცხადება, რაც შეეხება სარჩივრის ავტორის არგუმენტებს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ არის დასაბუთებული და არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ყ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.