Facebook Twitter

ას-756-707-2010 3 აგვისტო, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ სს “...ბანკი”

მოწინააღმდეგე მხარე _ რ/კ “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 5 ივლისს სს “...ბანკმა” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განმცხადებელმა მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ/კ ფეხბურთის ფედერაციის ყველა საბანკო ანგარიშსა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის ¹76ა-ში მდებარე ლოკომოტივის სტადიონის სათადარიგო შესასვლელსა და ლაგოდეხში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება.

განცხადების თანახმად, შპს “სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” წარმოებაშია სს “...ბანკის” საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე რ/კ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. განმცხადებლის ინფორმაციით, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რასაც შესაძლებელია სამომავლოდ გაეძნელებინა ანდა შეუძლებელი გაეხადა სარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება (ს.ფ. 1-3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით სს “...ბანკის” განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები, ხოლო მე-2 ნაწილით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” და “ი” ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია დავის საგნის დაცვა და მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლებების, აღუსრულებლობის თავიდან აცილება. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების ადეკვატურობა და ამავე დროს, თუ რამდენად უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიება დავის საგნის დაცვას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი 2008 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.1 მუხლში აღნიშნულია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება გირავნობის ¹ს/ც 0098 ხელშეკრულებით. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია და სს “...ბანკი” წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, რომელსაც უფლება აქვს, მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (მხარეთა შეთანხმებით) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინების შინაარსზე, რომლითაც დადგინდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში აღსრულება უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის საგნიდან, თუ მხარეები სხვა რამეზე არ არიან შეთანხმებულნი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმები დისპოზიციურია, რაც მხარეებს უტოვებს შესაძლებლობას შეთანხმდნენ კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე. აღნიშნული დათქმა პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და მე-300 მუხლის მე-3 ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულება) და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობას. მისი მოსაზრებით, რამდენადაც ბანკი დათანხმდა მსგავსი ხელშეკრულების დადებას და მოთხოვნა უზრუნველყო მხოლოდ გირავნობით, მისთვის, როგორც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტისთვის, იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ სამოქალაქო ბრუნვის პირობებში ანალოგიური ხელშეკრულება შესაძლებელია ერთგვარი რისკის მატარებელი ყოფილიყო. ამასთან, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.6 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სს “...ბანკის” სახელით უფლებამოსილ პირს ხელშეკრულების დადებისას უნდა ემოქმედა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი ყოფილიყო ბანკისათვის. გირავნობის ხელშეკრულების გათვალისწინებით ბანკმა ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა სრულად იყო უზრუნველყოფილი. ამასთან, ბანკს შეეძლო საკუთარი მოთხოვნა უზრუნველეყო იპოთეკით, რაც მას არ განუხორციელებია და რაც გამორიცხავდა მოვალის მიერ ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში არ არსებობდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სახეზე არ იყო მომავალში მისაღები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან შეუძლებლობა, რადგან მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო გირავნობის ხელშეკრულებით (ს.ფ. 49-52).

დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სს “...ბანკმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან სს “...ბანის” საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მოპასუხე დროის ხანგრძლივ მონაკვეთში არღვევს ბანკის მიმართ არსებულ ვალდებულებას და აჭიანურებს საარბიტრაჟო პროცესს. საარბიტრაჟო განხილვა შესაძლოა გარკვეული ვადით გაჭიანურდეს, რის შემდგომაც კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესს. მათი ინფორმაციით მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რამაც შეიძლება სამომავლოდ აღსრულების პროცესის გართულება ან სულაც აღსრულების გაჭიანურება გამოიწვიოს. საკრედიტო ხელშეკრულების 5.3 პუნქტიდან გამომდინარე, ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფა (ს.ფ. 54-55).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება და სს “...ბანკის” განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და “ი” ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის სწორად გადასაწყვეტად მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო, სააპელაციო სასამართლოს გამოერკვია და შეფასება მიეცა მხარეთა შორის დადებული 2008 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.3 მუხლის პირობების არსებობისთვის. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, რომ მსესხებლის, მისი გარანტის ან თავმდების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ან ამგვარი საფრთხის არსებობისას, აგრეთვე იპოთეკის ან გირაოს საგნის განადგურების, ღირებულების შემცირების ან დაზიანების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან, ხოლო მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს ბანკს დამატებითი უზრუნველყოფა, რომელსაც ბანკი შეარჩევს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია, გარდა გირავნობისა, დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებაც ხელშეკრულების 5.3 მუხლის პირობების არსებობას.

სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას არ გაუთვალისწინებია მხარეთა შორის დადებული 2008 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.3 მუხლის შინაარსი და არ გამოურკვევია მოცემულ შემთხვევაში მისი გამოყენების პირობების არსებობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია. სს “...ბანკის” განცხადების ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მისი გათვალისწინებით გადაწყვიტოს განცხადების საფუძვლიანობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და სს “...ბანკის” განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინება და სს “...ბანკის” განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.